კობახიძე: არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნებთ საგრანტო პროგრამას

© Courtesy of Irakli Kobakhidze ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2024
გამოწერა
აღნიშნული ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი ორი თვის გამავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
„მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოური დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ. ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, „სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე უცხოური დონორებისგან იღებდნენ.“
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი ორი თვის გამავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.
„საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ.", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძემ მოუწოდა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს „ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში".
ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალებაა დღეს საქართველოში, რომლებიც წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, არ არსებობს.
როგორც გასულ კვირაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე განაცხადი უცხოური დაფინანსების მქონე 476-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ გააკეთა - რეესტრში ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა.
რეზონანსული კანონი ძალაში ივნისის დასაწყისში შევიდა, რის შემდეგაც იუსტიციის სამინისტროს მიეცა გარკვეული დრო შეექმნა კანონის განსახორციელებლად მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. შეიქმნა სპეციალური რეესტრი და იუსტიციის სახლის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა.
ორგანიზაციები, რომლებზეც ვრცელდება სკანდალური კანონი, მაგრამ უარი განაცხადეს რეგისტრაციის გავლაზე, დაჯარიმდებიან 25 ათასი ლარით. ასეთი ორგანიზაციების გამოსავლენად იუსტიციის სამინისტრო მონიტორინგს ჩაატარებს.
რეგისტრაციის წინააღმდეგ გამოვიდნენ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) და ა.შ.
აღნიშნული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, 122-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ორმა მედიაორგანიზაციამ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ისინი ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ მწკრივში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0