საქართველო დასავლეთის კოლონია არ არის - დეპუტატმა გერმანელ კოლეგებს უპასუხა

© Courtesy of Parliament of Georgiaირაკლი ქადაგიშვილი
ირაკლი ქადაგიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2024
გამოწერა
სანამ ვინმე გააკრიტიკებს დემოკრატიის დონეს ქვეყანაში, უნდა იცოდეს, რა ხდება სხვა ქვეყნებში, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საქართველო არ არის ვინმეს კოლონია და ყველამ პატივი უნდა სცეს მის სტრატეგიულ მიზნებს, კრიტიკისა და კლიშეების მიწებების ნაცვლად, უპასუხა ბუნდესტაგის დეპუტატების კრიტიკას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილი.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების წარმომადგენლებმა დებორა დიურინგმა, იურგენ ჰარდტმა, ულრიხ ლეხტემ და ნილს შმიდმა განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობის დღევანდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ - თუ ეს კურსი გაგრძელდება, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, ხოლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას.
„ერთი რამ გაიგეთ, საქართველო ნეოკოლონიალური სტატუსის მქონე ქვეყანა არ არის! საქართველო ამ სტატუსს არ მიიწებებს! ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, გვაქვს ჩვენი სტრატეგიული მიზნები და ამ მიზნებისკენ მივდივართ. ყველამ კეთილი ინებოს და ამას პატივი სცეს!“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სანამ ვინმე გააკრიტიკებს დემოკრატიის დონეს ქვეყანაში, უნდა იცოდეს, რა ხდება სხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებში.
„საქართველოსთან შედარებით, კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატია უმძიმეს მდგომარეობაშია, მაგრამ იმის გამო, რომ მათთან გარკვეული გეოპოლიტიკური პრეტენზია არა აქვთ, მათთვის ყველაფერი მოსულა, ხოლო საქართველოსთვის არ მოსულა. ჩამოდიან ისე, რომ კლიშე აქვთ მიწებებული - აქვთ კოდი, რომ იმის გამო, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ვიღაცის ფარულ საქმიანობას ასაჯაროებს, არის რუსული. მთელი პოლიტიკა ამაზე აქვთ აწყობილი, მაგრამ ეს პოლიტიკა ხანმოკლეა და ის დაიძლევა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ულრიხ ლეჰტეს განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბუნდესტაგის დეპუტატებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.
„როცა ჩვენი დელეგაცია გერმანიაში ჩადის, საპარლამენტო დელეგაციას გერმანიის კანცლერი არ ხვდება, მითუმეტეს როდესაც დელეგაციაში არ არის პარლამენტის თავმჯდომარე, პირველი ვიცე-სპიკერი ან კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის თავმჯდომარე არ შეხვდება, არა თუ მაღალი თანამდებობის პირი. ამიტომ ცოტა ჩვენი სახელმწიფოს ღირსება დავიცვათ. მეც მაქვს სურვილი აშშ-ს პრეზიდენტს შევხვდე, მაგრამ ასე არ არის!” - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რეზონანსული კანონი
საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0