რამდენი ავტომობილია დაზღვეული საქართველოში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerპიკის საათი
პიკის საათი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2024
გამოწერა
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მოზიდულმა პრემიამ 132 მილიონი ლარი შეადგინა.
თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში 2024 წლის ივნისის ბოლოსთვის კერძო კომპანიებში ავტომობილების მხოლოდ 7% იყო დაზღვეული, იტყობინება პორტალი „კომერსანტი“ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურზე დაყრდნობით.
საანგარიშო პერიოდში ავტომობილების მთლიანმა რაოდენობამ 1,2 მლნ ერთეული შეადგინა. აქედან აქტიური სტატუსის მქონე 705,9 ათასი მსუბუქი ავტომობილია, ერთი წლით ადრე კი ეს მაჩვენებელი 681,5 ათასს შეადგენდა.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) პოლისების რაოდენობა მზარდია. კერძოდ, 2024 წლების 30 ივნისის მდგომარეობით, 133.540 მოქმედი პოლისია, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებით, 121.512 პოლისი იყო, ხოლო 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით - 108.486.
ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს >>
მოზიდული პრემიის სიდიდით, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობა მეორე პოზიციაზეა ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მოზიდულმა პრემიამ 132 მილიონი ლარი შეადგინა.
6 თვის განმავლობაში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით ასე გამოიყურება:
„თიბისი" - მოზიდული პრემია 30,5 მლნ ლარი, ბაზრის წილი 23%;
„ალდაგი" - მოზიდული პრემია 27,3 მლნ ლარი, ბაზრის წილი 21%;
„ჯიპიაი" - მოზიდული პრემია 16,3 მლნ ლარი, ბაზრის წილი 12%;
„ნიუ ვიჟენ" - მოზიდული პრემია 10,9 მლნ ლარი, ბაზრის წილი 8%;
„პსპ" - მოზიდული პრემია 7,4 მლნ ლარი, ბაზრის წილი 6%.
მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 145 მილიონი ლარი სადაზღვევო მოგება მიიღეს, ხოლო წმინდა მოგებამ 67 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს (34 მლნ ლარი) 2-ჯერ აჭარბებს.
დაზღვევის სიახლეები
საქართველოს მთავრობა გეგმავს პარლამენტში მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას.
როგორც პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად სრულდება სერიოზული ტრავმებით/დაზიანებებით, აქტიური მუშაობის უნარის შეწყვეტითა და მაღალი ხარჯებით არამარტო მსხვერპლისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვის, ზიანის მიმყენებელი პირისთვის, ასევე დამსაქმებლისა და ჯანდაცვის სისტემისთვის.
მთავრობის ინიციატივით, ამ სისტემის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში მიიღებს მაშინაც კი, როდესაც ავარია გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
მთავრობის განცხადებით, სავალდებულო დაზღვევის სისტემა ხელს შეუწყობს სადაზღვევო სექტორის განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებას და ამასთან, საქართველოში მომხდარ ავარიებთან დაკავშირებულ ყველა დავის ცივილიზებულად გადაწყვეტას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ქვეყანაში დაფიქსირდა 2.961 ავარია - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 189 და დაშავდა 3.356 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0