ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili„პიკის საათი" თბილისში
„პიკის საათი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 04.09.2024
გამოწერა
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში დაფიქსირდა 2.961 ავარია
თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გეგმავს პარლამენტში მოახდინოს კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას, ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც დოკუმენტში აღნიშნულია, ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად სრულდება სერიოზული ტრავმებით/დაზიანებებით, აქტიური მუშაობის უნარის შეწყვეტითა და მაღალი ხარჯებით არამარტო მსხვერპლისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვის, ზიანის მიმყენებელი პირისთვის, ასევე დამსაქმებლისა და ჯანდაცვის სისტემისთვის
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების დინამიურად მზარდი რაოდენობის ფონზე ყოველწლიურად იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი. საქართველოს გზებზე ყოველწლიურად ასობით ლეტალური შემთხვევა და ათასობით ადამიანის მძიმე დაზიანებები ფიქსირდება“, - ნათქვამია დოკუმენტში.
სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევებისა და გამოცდილების საფუძველზე, მთავრობამ საჭიროდ ჩათვალა ავტომობილების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის შემოღება სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვით. მთავრობის ინიციატივით, ამ სისტემის ფარგლებში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირი სათანადო კომპენსაციას კანონით განსაზღვრულ ფარგლებში მიიღებს მაშინაც კი, როდესაც ავარია გამოწვეულია დაუზღვეველი ან/და დაუდგენელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით.
მთავრობის განცხადებით, სავალდებულო დაზღვევის სისტემა ხელს შეუწყობს სადაზღვევო სექტორის განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებას და ამასთან, საქართველოში მომხდარ ავარიებთან დაკავშირებულ ყველა დავის ცივილიზებულად გადაწყვეტას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით ქვეყანაში დაფიქსირდა 2.961 ავარია - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 189 და დაშავდა 3.356 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0