მდინარაძე: ვენდობით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფგან მუხთარლის საქმეზე

© Sputnik / Alexander Imedashviliაფგან მუხთარლი
აფგან მუხთარლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2024
გამოწერა
აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას კიდევ უფრო დაბეჯითებით გააგრძელებენ, დარწმუნებულია მდინარაძე
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ენდობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებას, რომელმაც სახელმწიფოს 12 ათას ევროზე მეტის გადახდა დააკისრა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი მოიგო. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს არ ჩაუტარებია ეფექტური გამოძიება საქმეზე და ადამიანის უფლებების კონვენციის ორი მუხლი დაარღვია: მე-3 მუხლი, რომლის თანახმადაც არავინ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს და მე-5 მუხლი, რომლის თანახმადაც, ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება. საქართველომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს 12500 ევრო უნდა გადაუხადოს.
„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვენდობით. დიახ, შეიძლება, გარკვეული საფუძვლები ამგვარი გადაწყვეტილების ნამდვილად ყოფილიყო. ვენდობით, ვაღიარებთ (სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას - რედ.)“, - განაცხადა მდინარაძემ.
ის დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები გამოძიებას გააგრძელებენ კიდევ უფრო დაბეჯითებით.
პოლიტიკოსის თქმით, საქართველომ ამ საქმესთან დაკავშირებული „ნეგატიური კონტექსტი“ უნდა მოიშოროს.
„რაღაც ნეგატიური კონტექსტი ამ საქმეზე ქვეყანამ უნდა მოიშოროს. ვინ, რა ქნა? რა მოხდა? რატომ ვერ მოხდა თავის დროზე გამოძიება? იმ ცხელ კვალზე რაიმე გადაცდომებს ჰქონდა თუ არა ადგილი კონკრეტული ადამიანების მხრიდან? თუ პასუხისმგებელი პირი უნდა იყოს ან ვინმეს ქმედებაში სავარაუდო დანაშაულის რაიმე ნიშნებია, ესეც უნდა გამოვლინდეს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის მაისის ბოლოს გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ბაქოში პატიმრობაში იმყოფებოდა, ბრალად ედებოდა საზღვრის უკანონო გადაკვეთა, ფულის კონტრაბანდა და პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
2018 წლის იანვარში აზერბაიჯანულმა სასამართლომ მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი 2020 წლის მარტში გათავისუფლდა და ბაქოდან მაშინვე გერმანიაში გაფრინდა.
2021 წლის აპრილში საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. რაც შეეხება საქმეს, მუხლი „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“ გადაკვალიფიცირდა მუხლით „ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთა“.
ყველა ახალი ამბავი
0