„გამჭვირვალობის“ კანონი მოქმედებაში: რეგისტრაციაზე განაცხადების რაოდენობა იზრდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2024
გამოწერა
საქართველოში უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს იწურება.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში რეგისტრაციაზე განცხადებების რაოდენობა პარასკევს 233-დან 360-მდე გაიზარდა, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესზე.
ამ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეიტანეს 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, 122-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ორმა მედიაორგანიზაციამ და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ისინი ამტკიცებენ, რომ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს მეგობრებსა და მტრებს ერთ მწკრივში აყენებს, აწებებს იარლიყებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
„ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება თითქოს, კანონს მხოლოდ 1% ემორჩილება“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მისივე თქმით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ორგანიზაციების 1%-ზე ნაკლები აცხადებს.
„ამაზე შევწყვიტოთ რიცხვებით მანიპულაცია, შიშებზე და სხვადასხვა თემებზე საუბარი“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ასე უპასუხა მან პრეზიდენტის წარმომადგენელს გიორგი ბურჯანაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ორგანიზაციები საჯარო რეესტრის სააგენტოს რეგისტრაციაზე შიშის გამო მიმართავენ.
არ არსებობს ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალებაა დღეს საქართველოში, რომელიც წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებს.
ტყეშელაშვილის თქმით, საქართველოში რეგისტრირებულია 30 ათასზე მეტი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელშიც შედის ფაქტობრივად უმოქმედო ორგანიზაციები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც შექმნილია სახელმწიფო უწყებების მიერ და მუშაობენ დამოუკიდებლად, მაგალითად სპორტული ფედერაციები და ა.შ., ვისზეც ახალი კანონი არ ვრცელდება.
იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიებმა, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა", უნდა მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის არაუგვიანეს 2 სექტემბრისა და რეგისტრაციის შემდეგ დეკლარაცია შეავსონ. საუბარია 2023 წლის ფინანსებზე.
კალაძე: უცხოური მთავრობები ღიად აფინანსებენ ქართულ ოპოზიციას „ენჯეოების“ მეშვეობით>>
რეგისტრაციაზე თავის არიდების შემთხვევაში ორგანიზაციები 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ასეთი ორგანიზაციების გამოსავლენად საჭირო იქნება მონიტორინგის ჩატარება, რასაც იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, დაახლოებით ერთიდან სამ თვემდე დასჭირდება. დამრღვევის დაჯარიმებას კი კიდევ ერთი თვე დასჭირდება.
კანონის თანახმად, მონიტორინგის დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს სამინისტროს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება ან სამინისტროში შესული წერილობითი მიმართვა, რომელიც შეიცავს სათანადო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონკრეტული ორგანიზაცია ექვემდებარება კანონს.
მონიტორინგი არ გულისხმობს ორგანიზაციის ოფისში ინსპექტირების ჩატარებას ან მის სერვერსა და კომპიუტერებზე წვდომას, – აღნიშნა სასამართლო პროცესზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ.
მონაცემების შესაგროვებლად და იმის დასადგენად, ექვემდებარება თუ არა ორგანიზაცია კანონს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფლება აქვს მხოლოდ მოითხოვოს ინფორმაცია როგორც ამ ორგანიზაციისგან, ასევე ადმინისტრაციული ორგანოებისა და სხვა ორგანიზაციებისგან, მაგალითად, ბანკებისგან.
ევროკავშირი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია საქართველოს ჩამოშორებით - ბორელი>
უფრო მეტიც, დასაშვებია ასევე სპეციალური კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, რაც ერთ-ერთი მთავარი საკამათო საკითხს წარმოადგენს.
ამ თემაზე კითხვებზე პასუხის გაცემისას იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სპეციალური კატეგორიის პერსონალური მონაცემები შეინახება საჯარო რეესტრის სააგენტოში და მაშინაც კი, თუ რეესტრში რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ ეს მონაცემები შეიტანა დეკლარაციაში, უწყების თანამშრომლები წაშლიან მას ამ დეკლარაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებამდე.
საქმის დეტალები
მოსარჩელეები ედავებიან საქართველოს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ადგენს სუბიექტის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მატარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის პროცედურას და არეგულირებს ასეთი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მოსარჩელეების თქმით, საკამათო კანონი, მასში გამოყენებული ტერმინოლოგიისა და სხვადასხვა რეპრესიული მექანიზმების გათვალისწინებით, იწვევს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიების სტიგმატიზაციას, ხელს უშლის მათ საქმიანობას, შეუძლებელს ხდის მათი მიზნების მიღწევას და საბოლოოდ მათი ფუნქციონირების შეწყვეტას იწვევს.
მოსარჩელეები აცხადებენ, რომ სადავო ნორმები, ლეგიტიმური მიზნისა და უცხოური გავლენის იდენტიფიცირების შესაბამისი კრიტერიუმების არარსებობის პირობებში, აზიანებს სუბიექტების სოციალურ იდენტობას და თვითნებურად ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
ამის პარალელურად, საჯარო რეესტრში კანონით გათვალისწინებული სუბიექტების რეგისტრაცია, ანგარიშვალდებულების ფორმა, მონიტორინგის პროცედურა და პასუხისმგებლობის ზომები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს.
მოსარჩელეები ასევე აღნიშნავენ, რომ სადავო კანონით განსაზღვრული პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცედურა ეწინააღმდეგება კონფიდენციალურობისა და პირადი კომუნიკაციის უფლების ფორმალურ და მატერიალურ მოთხოვნებს.
ამასთან, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების გავრცელება კანონის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ და დასრულებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ კანონის უკუქცევითი მოქმედების აკრძალვის პრინციპს.
„გამჭვირვალობის“ კანონი ძალაში 2024 წლის ივნისის დასაწყისში შევიდა. მასში ნათქვამია, რომ თუ იურიდიული პირი (არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია) 2023 წელს მიღებული შემოსავლების კუთხით აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, მან რეგისტრაცია რეესტრში უკვე 2024 წლის სექტემბერში უნდა გაიაროს.
თუნდაც რევოლუციური პროცესები დააფინანსონ, ოღონდ გამჭვირვალედ - პრემიერი უცხოელ დონორებზე>>
მოსარჩელეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები იწვევს მათ დისკრიმინაციას, ვინაიდან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მათ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შექმნილ და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან შედარებით.
ამასთან, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს და აფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რითაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებას.
საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლში ნათქვამია, რომ საკონსტიტუციო ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყონ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.
სარჩელის ავტორებმა ასევე შუამდგომლობით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა სადავო ნორმების მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდეს.
რეზონანსული კანონი
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მიერ გამოყოფილი ფინანსები ხვდებიან ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე საქართველოში, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. კანონპროექტის ინიცირებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ თბილისში და პერიოდულად რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართებოდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეწინააღმდეგებოდნენ. მსგავსი კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე, განაცხადა მთელმა დასავლეთმა.
საკონსტიტუციო სასამართლო „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ სარჩელების განხილვას იწყებს>>
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
რეზონანსული კანონი ძალაში 3 ივნისს შევიდა. ის უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.
ყველა ახალი ამბავი
0