ხელისუფლებას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება სურს - საპატრიარქოს პოზიცია

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო  - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2024
გამოწერა
საპატრიარქომ აღნიშნული წინადადება იმ კონტექსტში უნდა განიხილოს, რომ ხელისუფლებას სურს ეკლესიის როლი და სტატუსი იყოს კიდევ უფრო გამყარებული, აღნიშნა ჯაღმაიძემ
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საპატრიარქო განიხილავს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ შეთავაზებულ წინადადებას მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად შესაძლო გამოცხადების შესახებ, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პროტოპრესვიტერმა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჯაღმაიძემ დაადასტურა, რომ საპატრიარქოს აღნიშნული ინიციატივით „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. მისი თქმით, ახლა აუცილებელია ამ საკითხის შინაარსობრივ და სწორ ფორმულირებაზე ყურადღების გამახვილება, რაც ამჟამად აქტიურად განიხილება საპატრიარქოში.
„ხელისუფლების მხრიდან იყო მსგავსი შემოთავაზება. აქ ჩვენ შინაარსზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ ხელისუფლება ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვის მკაფიო ხაზს, მშვიდობის პოლიტიკას ატარებს და ეკლესიისათვის ძალიან ბევრ რამეს აკეთებს", - განაცხადა ჯაღმაიძემ.
ამდენად, საპატრიარქომ ეს შემოთავაზება იმ კონტექსტში უნდა განიხილოს, რომ ხელისუფლებას სურს ეკლესიის როლი და სტატუსი იყოს კიდევ უფრო გამყარებული, აღნიშნა საპატრიარქოს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, მთავარია ისეთი ფორმულირების მოძებმა, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოთაღნიშნულ საკითხებს.
„საპატრიარქო ახლა მსჯელობს ამ თემაზე. ორშაბათს იყო შეხვედრა მღვდელმთავრების, ყველა მღვდელმთავარმა ვერ მოახერხა მოსვლა, რადგან სპონტანურად დაიგეგმა შეხვედრა, ამიტომ ნაწილი მღვდელმთავრებისა შეიკრიბება ხვალ და ფორმულირებაზე იმსჯელებენ“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, შემოთავაზება ძალიან კეთილგანწყობილია, ხოლო ფორმულირების დაზუსტებას გარკვეული დრო დასჭირდება.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, საკითხი არ დგას კატეგორიულად, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს რომელიმე ფორმულირება. ჩვენ შემოგვთავაზეს და შეიძლება, ეს შემოთავაზება ითარგმნოს შემდეგნაირად: რა უნდა გაკეთდეს, რათა ეკლესიის სტატუსი, როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო გამყარდეს და ეფექტური იყოს? არსებობს შემოთავაზება, რომელიც მსჯელობის შემდეგ უნდა ჩამოყალიბდეს“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
საქართველოს მოსახლეობი დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია (84,9%). ასევე არიან მუსლიმანები (10,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის მიმდევრები (3%), კათოლიკეები (0,5%) და სხვა კონფენსიების წარმომადგენლები (0,7%).
ყველა ახალი ამბავი
0