პაპუაშვილი: ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ განცხადება დეზინფორმაციაა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2024
გამოწერა
თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადება იმის თაობაზე, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას გეგმავს, დეზინფორმაციაა, დაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ის, რომ ბრიუსელი შეშფოთებულია საქართველოს მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი წინადადებით „ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის“ შესახებ, განაცხადა ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთავრობების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის.
„ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ სამართლებრივი პროცესის ინიციირების განზრახვის არადემოკრატიულ ნაბიჯად შეფასება ეწინააღმდეგება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს, ისე დემოკრატიის პრინციპებს", - დაწერა პაპუაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ციხეებში შექმნილი იყო „სისტემური ძალადობისა და წამების“ სისტემა.
ამ რეჟიმის შემქმნელი პარტიის მხარდაჭერა წარმოადგენს ძალადობაზე დამყარებული მმართველობის დანაშაულებრივი ხასიათის დაკნინებას და მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მიმართ უპატივცემულობას.
„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ჩვენ ამ გულგრილი დამოკიდებულების მომსწრე ვიყავით, როდესაც მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ტერიტორიაზე უპრობლემოდ გადაადგილდებოდა და, რაც კიდევ უფრო გამაოგნებელია, ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტში შეხვედრებს მართავდა"- დაწერა პაპუაშვილმა.
ამასთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაკავების შემდეგ არ წყდება მცდელობები, მათ შორის, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან სხვადასხვა საბაბით დაიხსნან სააკაშვილი კანონიერი სასჯელისგან, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, იგივე შეიძლება ითქვას პატიმრების წამებისთვის მსჯავრდებულ იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე, რომელიც ამჟამად უკრაინის პროკურატურაში მუშაობს და ევროკავშირის სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირთან შეხვედრებს მართავს.
გარდა ამისა, ევროკავშირს აფარებს თავს სამშობლოში გასამართლებული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი.
„ქართველი ხალხის პატივისცემა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მისი სამართალწარმოების პატივისცემას, რომლის უმაღლესი სტანდარტი არაერთხელ დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ", - დაწერა პაპუაშვილმა.
ამგვარი განცხადებების გაკეთება იმ ფონზე, როდესაც თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტს პარტიების მიმართ, სწორი ქცევა არ არის, განაცხადა სპიკერმა.
„შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, მხარდაჭერით მეორე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სასამართლოს დადგენილებით, უკვე წლებია, გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის თვალთვალის და მიყურადების ობიექტია“, – დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმის მტკიცებულებად, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში ყოფნისას საქართველოში კრიმინალური რეჟიმი შექმნა, მიანიშნა საქმეებზე, რომლითაც ყოფილი მაღალჩინოსნების იყვნენ გასამართლებული.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიღებული „ამნისტიის შესახებ" კანონის თანახმად, სასჯელის ვადები განახევრდა.
ყველა ახალი ამბავი
0