კობახიძე: მოლდოვის პარლამენტი პრაქტიკულად ერთპარტიულია, ესე იგი საქართველოსთვისაც შეიძლება

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2024
გამოწერა
„ქართული ოცნება“ საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიისა და მისი თანამოაზრეების აკრძალვას გეგმავს
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ევროკავშირში გაწევრიანების ყველა კანდიდატისადმი მიდგომა ერთნაირი უნდა იყოს - მოლდოვის პარლამენტი პრაქტიკულად ერთპარტიულია, ამიტომ არც საქართველოს მიმართ უნდა იყოს შენიშვნები, თუ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების აკრძალვის შემდეგ მომავალი მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული აღმოჩნდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 20 აგვისტოს განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყებს სამართლებრივ პროცესს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე იმ „მრავალრიცხოვანი დანაშაულისთვის“, რომელიც პარტიამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩაიდინა.
„მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვას ლოგიკური გაგრძელება ექნება, ბუნებრივია, მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი“, - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
მან განმარტა, რომ დეპუტატის მანდატის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. ზოგადად სამართლებრივი პროცესი შეიძლება მოიცავდეს მიმართვას როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე პროკურატურაში - რათა კონკრეტული საქმეები აღიძრას, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ეს ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, პრემიერმა უპასუხა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ გაუქმება მხოლოდ სარგებელს მოიტანს.
„მე მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით. ხელოვნურ დაბრკოლებას თუ ვინმე უქმნიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ეს იყო სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა პრემიერმა.
რისთვის სჭირდება „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში? - პარტიის გეგმები>>
მისი თქმით, უმსხვილესი ოპოზიციური პარტია და მის ორბიტაზე მყოფი პარტიები პირდაპირ აგიტაციას აწარმოებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.
„თქვენ გახსოვთ, რომ ერთხელ ვერ ვათქმევინეთ ვერცერთ ოპოზიციურ ძალას, მათ შორის მარიონეტს სალომე ზურაბიშვილს, რომ ქვეყანა იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ არანაირი პრობლემა არ არის იმაში, რომ „ნაცმოძრაობის“ და რამდენიმე პარტიის არაკონსტიტუციურად აღიარების შემდეგ, მომდევნო მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული გახდეს.
ბოლო გამოკითხვებით, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვთ სწორედ იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომელსაც ხელისუფლება „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს. ეს არის როგორც ყოფილი მმართველი პარტია და მისი ყოფილი წევრების მიერ შექმნილი პარტიები, ასევე „ლელო“ და „საქართველოსთვის“.
მან მოიყვანა მოლდოვის მაგალითი, რომელთანაც, საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირმა უკვე გახსნა მოლაპარაკები გაწევრიანების შესახებ.
„მოლდოვის პარლამენტი დღეს, პრაქტიკულად, ერთპარტიულია, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. არაფერი ხდება ასეთ დროს... ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში, ისე უკრაინაში“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების მკვეთრ რეაქციას, როდესაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ ერთპარტიული პარლამენტის შექმნის რისკი გაჩნდა, პრემიერმა განაცხადა, რომ მაშინ სხვა დრო იყო.
„მაშინ სხვა დრო იყო. თქვენ გახსოვთ, პირდაპირ რევოლუციის მცდელობა ჰქონდათ კონკრეტულ ძალებს, ეს ვერ განმეორდება საქართველოში. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას“, - განაცხადა კობახიძემ.
ხელისუფლება რევოლუციის პირველ მცდელობას უწოდებს ბოიკოტს, რომელიც 2020 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში შესულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოაცხადეს. ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნების ტოტალურ გაყალბებაში დაადანაშაულა, პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო.
პროტესტის მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ ჩატარებული ხმების პარალელური დათვლის შედეგები გახდა. როგორც გაირკვა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაუშვა შეცდომა, მაგრამ ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0