„ნაცმოძრაობა“ კატასტროფისთვის არის განწირული - დეპუტატი

© photo: Sputnik / Stringer„ნაცმოძრაობა“
„ნაცმოძრაობა“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.08.2024
გამოწერა
ოპოზიციის „გარე მენტორები“ იყენებენ ყველა საშუალებას იმისათვის, რომ ქართველი ხალხი დააბნიონ და ამომრჩევლების ხმები მოიპოვონ, მიაჩნია ბექა ოდიშარიას
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კატასტროფა ემუქრება, რადგან ეს პოლიტიკური ძალა 26 ოქტომბერს მთლიანად განადგურდება, განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის (3/4 მანდატის) მოპოვების შემთხვევაში თავისი გეგმები გაახმოვანა. ის აპირებს სამართლებრივი პროცესის დაინიცირებას, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.
„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ მოახლოებული კატასტროფის წინაშე დგას. მათ იციან, რომ 26 ოქტომბერს ამ პოლიტიკური ძალის სრული განადგურება მოხდება, რადგან ქართველი ამომრჩეველი მზად არის, ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი გააკეთოს“, - განაცხადა ოდიშარიამ.
ხელისუფლება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს პირველ რიგში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების პარტიებს. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ნაცმოძრაობა“ და მისგან წასული პოლიტიკოსების პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახლი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“, ასევე „ლელო საქართველოსთვის“, „რესპუბლიკური პარტია და სხვ.
ოდიშარიას თქმით, ოპოზიციის „გარე მენტორები“ იყენებენ ყველა საშუალებას იმისათვის, რომ ქართველი ხალხი დააბნიონ და ამომრჩევლების ხმები მოიპოვონ.
„საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას აიღებს. ამის შიშით მათი გარე მენტორები და ინსტრუქტორები ყველანაირ ხერხს იყენებენ და ცდილობენ, რაიმე ისეთი მოზაიკა - საარჩევნო კომერციული პროდუქტი, საქონელი შექმნან, რომელსაც ქართველ ხალხს შეასაღებენ“!, - განაცხადა ოდიშარიამ.
სხვა ოპოზიციურ პარტიების „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ ყოფნა ყოფილ მმართველ პარტიას მაქსიმუმ 25-30 პროცენტს მოუტანდა, რაც კატასტროფის ტოლფასია, ამტკიცებს დეპუტატი.
„ეს მათთვის კატასტროფაა და ამიტომ, ეს პარტიები გამოიგონეს - გახარია, „ლელო“, „ახალი“, „ფედერალისტები“, "ევროპული საქართველო". კიდევ რაღაც სახელებს ირქმევენ, რადგან იმდენად სირცხვილია "ნაცმოძრაობასთან" ასოცირება“, - განაცხადა ოდიშარიამ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, დგება დრო, როდესაც ადამიანი მაღლა უნდა დადგეს წყენებზე, ფიქრებზე და გააკეთოს სწორი არჩევანი, პოლიტიკური გარჩევების ნაცვლად.
„ეგზისტენციალურია იქნება თუ არა ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა. ახლა პოლიტიკური გარჩევების დრო არ არის, დროა თქვა - ხარ საქართველოსკენ თუ იმ ძალის მხარეს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგაა. საზოგადოება კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს და მხარი დაუჭიროს იმ ძალას, ვინც ქვეყანას მშვიდობის გარანტიას აძლევს“, - განაცხადა ოდიშარიამ.
ბოლო გამოკითხვებით, პარლამენტში მოხვედრის შანსი 2-5 პარტიას აქვს. „ქართული ოცნება“ ლიდერობას დიდი უპირატესობით ინარჩუნებს, მეორე ადგილზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0