„ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას გეგმავს

© photo: Sputnik / Stringer„ქართული ოცნების“ ახალი ოფისის გახსნა
„ქართული ოცნების“ ახალი ოფისის გახსნა - Sputnik საქართველო, 1920, 20.08.2024
გამოწერა
ოქტომბრის არჩევნები ყოფილი მმართველი პარტიისთვის ერთგვარი „ნიურნბერგის პროცესი“ უნდა გახდეს, განაცხადეს „ოცნებაში“
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის ანუ პარლამენტში მანდატების 3/4-ის მოპოვების შემთხვევაში ამომრჩევლებს ჰპირდება, რომ ყოფილ მმართველ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ორბიტაზე მყოფ პარტიებს არაკონსტიტუციურ ორგანიზაციებად გამოაცხადებს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ისინი პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული კენჭისყრით გაიმართება.
„პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება პოლიტიკური სისტემის თვისებრივად გასაჯანსაღებლად, რისი მიღწევაც პოლიტიკიდან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
ხელისუფლება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას უწოდებს პირველ რიგში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების პარტიებს. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ნაცმოძრაობა“ და მისგან წასული პოლიტიკოსების პარტიები „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახლი“, „ევროპული საქართველო“, „ფედერალისტები“, ასევე „ლელო საქართველოსთვის“, „რესპუბლიკური პარტია და სხვ.
იქვე აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე (150-დან სულ მცირე 113 მანდატი - რედ.) „ქართული ოცნება“ დააინიცირებს სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.
„მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებიდან 12 წელი გავიდა, დღემდე მისი გასამართლება ვერ მოხერხდა... დამნაშავეების არგასამართლებას აქტიურად ითხოვდნენ მათი უცხოელი მფარველები, რამაც რეჟიმის გასამართლებას გადამწყვეტი წინაღობა შეუქმნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ მოუწოდა დონორებს არ დააფინანსონ დესტაბილიზაცია საქართველოში>>
როგორც „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნა, მაინც მოხერხდა კონკრეტულ უმძიმეს დანაშაულებზე სამართლის აღსრულება რეჟიმის ათობით მაღალი, საშუალო თუ დაბალი რანგის წარმომადგენლის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მინისტრებისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით.
შესაბამისმა განაჩენებმა, მთლიანობაში, წლების მანძილზე შექმნა მყარი საფუძველი რეჟიმის გასასამართლებლად, ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ თვალსაზრისით, ყოფილი მმართველი პარტიის გასამართლების კიდევ ერთი საფუძველია 2008 წლის აგვისტოს ომი და გასული წლების მანძილზე მიმდინარე პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, რომლებიც საქართველოს და ქართული ჯარის გამარჯვებით დასრულდა.
„ჰააგისა და სტრასბურგის პროცესების ფონზე, 2008 წლის დანაშაულში ჩაძიება მნიშვნელოვან რისკებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ახლა სრულად არის მოხსნილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნა, რომ 2008 წლის დანაშაულის მონანიების მაგივრად, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ექაჩებოდა და დღესაც ექაჩება საქართველოს ომისკენ.
„კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძლიერი გარე მფარველები ახლაც ჰყავს. ეს არიან ის ძალები, რომლებიც გასული 2 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ყველა კამპანიის, მათ შორის მეორე ფრონტის კამპანიის ადგილობრივ თუ საერთაშორისო კოორდინაციას ახორციელებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ძალებს უნდა აჩვენოს, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სისტემიდან ჩამოშორება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის გადაწყვეტილებაა.
„ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.
მმართველმა პარტიამ აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობას“ არ უნდა ჰქონდეს გარე დავალებების შესრულების და სახელმწიფოსთვის მუდმივი ზიანის მიყენების გაგრძელების შესაძლებლობა.
„დაუშვებელია ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც თეორიული შესაძლებლობა დარჩეს 2008 წლის დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკურ ძალას, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც საქართველოს წინაშე რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას“, - ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ მანამ სანამ ოპოზიციის როლს გარედან მართული პოლიტიკოსების დანაშაულებრივი ჯგუფი - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებს, სახელმწიფოს მუდმივად უწევს დანაღმულ ველზე სიარული, რის გამოც ქვეყნის დაკარგვის რისკი მუდმივად აქტუალური რჩება.
„მთელი ამ წლების განმავლობაში, საქართველოში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა... სრულფასოვანი არჩევნები საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, დაუშვებელია ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს რევოლუციებისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, უმოქმედო ხელისუფლება ელოდოს „ნაღმის აფეთქებას“ რადიკალიზმის და პოლარიზაციის სახით.
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას, ირჩევს მორალურ დეგრადაციას თუ ირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს გარე ძალებზე საქართველოს მონურ დამოკიდებულებას თუ ირჩევს დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს, ირჩევს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ირჩევს „ქართულ ოცნებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებით მოკლევადიანი, 4-წლიანი ამოცანა წარმატებით შესრულდება - საქართველოში გაიმარჯვებს მშვიდობა, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფო სუვერენიტეტის იდეა.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში კი შესრულდება გრძელვადიანი ამოცანა - საქართველოს ხანგრძლივი, მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება.
ყველა ახალი ამბავი
0