„ქართული ოცნება“ 2008 წლის ომის გამო წინა ხელისუფლების პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მიტინგი
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მიტინგი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2024
გამოწერა
ყოფილმა ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება ჯერ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით აღიარეს, ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. 2008 წლის აგვისტოში მიხეილ სააკაშვილის ავანტიურული ქმედებები წარმოადგენდა დაკვეთას უცხოეთიდან და კარგად დაგეგმილ ღალატს, რისთვისაც საქართველოს ყოფილი ხელისუფლება კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, ნათქვამია მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
ამას წინ უძღოდა 9 აგვისტოს შვეიცარიელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის ინტერვიუ, რომელიც წარსულში ხელმძღვანელობდა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ საერთაშორისო კომისიას, რომელიც 2008 წლის ომის გარემოებებს იძიებდა. მან აღნიშნა, რომ მრავალი წლის შემდეგაც სწორად მიაჩნია კომისიის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული ჯარების მიერ ცხინვალის დაბომბვა ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტის დასაწყისად იქცა. სწორედ ამან მისცა რუსეთს ჯარის საქართველოში შეყვანის სამართლებრივი საფუძველი თავისი სამშვიდობოების გასათავისუფლებლად. ეს სამშვიდოებოები ცხინვალის რეგიონში ქართული მხარის მიერ დადასტურებული მანდატით მოქმედებდნენ.
„ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ „სააკაშვილმა შეგნებულად გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ერთი წლით ადრე საქართველოდან გასული რუსული ჯარი საქართველოში შემოებრუნებინა“.
როგორც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, სააკაშვილის გეგმები 2004 წლიდან ცხადი იყო და იმ დროიდან არ წყდებოდა ოთხწლიანი განუწყვეტელი პროვოკაციები, მაგრამ სააკაშვილს და მისი მფარველებს ესმოდათ, რომ „საჭირო იყო ბევრად უფრო აგრესიული და მასშტაბური ქმედებები მიზნის მისაღწევად“.
„ტალიავინის დასკვნის მიხედვით, ამგვარი მომენტი სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის 7 აგვისტოს შექმნა, როდესაც ცხინვალზე განხორციელებული საარტილერიო შეტევის შედეგად, რუსეთს ხელ-ფეხი გაეხსნა და რუსული ჯარი საქართველოში შემოვიდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორ გასამართლდება „ნაცმოძრაობა“ არჩევნების შემდეგ - პრემიერ-მინისტრის განცხადება>>
„ოცნებაში“ აღნიშნეს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება ყოფილმა ხელისუფლებამ ჯერ ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, ხოლო შემდეგ ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით აღიარეს.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“.
PACE-ს რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ „მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებით“.
„გვაქვს მოცემულობა, როდესაც არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება, ანუ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ღალატის ჩადენა და ამ პოლიტიკურ ძალას კვლავაც ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილი ამოძრავებს“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს მმართველი პარტია საჭიროდ მიიჩნევს, რომ ყოფილი ხელისუფლება პასუხისგებაში მიეცეს.
მმართველმა პარტიამ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივი შეუფასებლობა დანაშაულის ტოლფასია.
„დღეს, როდესაც ჰააგასა და სტრასბურგში სამართალწარმოება დასრულებულია (2008 წლის ომის საკითხზე - რედ.), მინიშნებებით საუბრის დრო აღარ არის. დადგა დრო, დამნაშავეებმა კონსტიტუციისა და კანონის მთელი სიმკაცრით აგონ პასუხი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამის გათვალისწინებით, საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, ნათქვამია განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი წარმომადგენელი უმაღლესი, საშუალო და ქვედა რგოლებიდან უკვე გასამართლდა სხვადასხვა სამსახურებრივი დანაშაულისთვის, მათ შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის საქართველოში ფარულად დაბრუნების შემდეგ 2021 წლის შემოდგომაზე დააკავეს.
2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მაგალითად, საპატიმრო ვადა მოიხადეს შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გამოძიებას ემალებიან.
დაკარგული ტერიტორიები
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
2008 წლის აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს მხრიდან 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ცხინვალის რეგიონის ათობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ", რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
ყველა ახალი ამბავი
0