სახელმწიფო აღმოსავლეთ საქართველოში მფლობელებს სამ მიწის ნაკვეთს ჩამოართმევს

© Sputnik / Vladimir Umikashviliავტობანი
ავტობანი - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2024
გამოწერა
ქონების ექსპროპრიაცია იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ მიწის მესაკუთრე და სახელმწიფო ვერ შეთანხმდნენ მიწის გამოსყიდვაზე.
თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მარნეულის რაიონში იმ სამი ოჯახის უძრავ ქონების ექსპროპრიაციას მოახდენს, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ კომპენსაციაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ნათქვამია „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე.
საუბარია აღმოსავლეთ-დასავლეთის ტრასის აღმოსავლეთ მონაკვეთების მშენებლობაზე ქალაქ რუსთავსა და სომხეთთან („სადახლო“) და აზერბაიჯანთან („წითელი ხიდი“) საზღვარზე მდებარე სასაზღვრო პუნქტებს შორის.
მთლიანობაში, ექსპროპრიაციას დაექვემდებარება სამი ოჯახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელთა საერთო ფართობი 102,2 ათასი კვადრატული მეტრია.
„სულ შეძენილია 401 ერთეული ქონება, მათ შორის საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები. დღეის მდგომარეობით, 285 ოჯახიდან ათმა უარი თქვა შემოთავაზებულ კომპენსაციაზე“, - ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე.
ექსპროპრიაცია ხორციელდება „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე“ კანონის საფუძველზე.
ქონების ექსპროპრიაცია ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მიწის მესაკუთრე და სახელმწიფო ვერ შეთანხმდნენ მიწის გამოსყიდვაზე.
მესაკუთრეებს ერთი თვის ვადა აქვთ, რომ ექსპროპრიაცია სასამართლოში გაასაჩივრონ და კომპენსაცია მოითხოვონ.
საქართველოში E-60 მაგისტრალი იწყება აზერბაიჯანის საზღვარზე და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროზე. საქართველოს ტერიტორიაზე დერეფნის სიგრძე 392 კმ-ია.
ყველა ახალი ამბავი
0