შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი მძიმე დანაშაულშია ბრალდებული

© photo: Sputnik / პოლიცია გორში
პოლიცია გორში - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2024
გამოწერა
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდება დაუმძიმა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერთ-ერთი ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორია.
გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ივლისს სოფელ ატენში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა დ.რ-მ და ი.ბ.-მ ჯგუფურად, დაზარალებულს თავისა და სხეულის არეში ჯანმრთელობის მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგად დაზარალებული 11 აგვისტოს გარდაიცვალა.
პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების პირველ ეტაპზე ერთ-ერთ ბრალდებულს წარედგინა ბრალდება სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), ხოლო ი.ბ.-ს დაუსწრებლად სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მოგვიანებით, მათ ბრალდება დაუზუსტდათ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარედგინათ.
ბრალდებული დ.რ. პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, რაც შეეხება ი.ბ.-ს, მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. ორივეს პატიმრობა უკვე შეეფარდა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0