ოლიმპიადის პრიზიორები და ჩემპიონები ჯილდოებზე წარადგინეს

© Georgian National Olympic Committeeგენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის დახურვაზე
გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის დახურვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2024
გამოწერა
პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ოლიმპიადის ყველა პრიზიორი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე იქნება წარდგენილი, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში.
„აღნიშნული უდიდესი წარმატება, გვინდა, მივულოცოთ ქართველ ოლიმპიელებს და სრულიად საქართველოს. ჩვენი საამაყო სპორტსმენების წარმატების დასაფასებლად მივიღეთ გადაწყვეტილება ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური ჩემპიონები:
– ლაშა ტალახაძე, 3-გზის ოლიმპიური, 7-გზის მსოფლიოს და 7-გზის ევროპის ჩემპიონი;
– ლაშა ბექაური, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი;
– გენო პეტრიაშვილი, სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს 3-გზის და ევროპის 2-გზის ჩემპიონი.
ღირსების ორდენზე წარდგენილი არიან ოლიმპიური პრიზიორები:
– ტატო გრიგალაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, 3-გზის მსოფლიოს და 3-გზის ევროპის ჩემპიონი;
– ილია სულამანიძე, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი;
– გივი მაჭარაშვილი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების 2-გზის პრიზიორი, 2-გზის ევროპის ჩემპიონი;
– ლაშა გურული, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორი.
„კიდევ ერთხელ გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ოლიმპიური ნაკრების თითოეულ წევრს საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისთვის და ქართველ სპორტსმენებს მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თითოეული ოლიმპიური ჩემპიონი მიიღებს მილიონ ლარს, ვერცხლის პრიზიორი - 500 ათას ლარს, ბრინჯაოს პრიზიორი - 250 ათას ლარს.
ყველა ახალი ამბავი
0