გარიგება სააკაშვილის შეწყალებაზე: საქართველოს პრეზიდენტით ყველა უკმაყოფილოა

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2024
გამოწერა
„ნაცმოძრაობაში“ სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც მმართველი ძალის შიშის გამოვლინება ექს-პრეზიდენტის ფიგურის წინაშე.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ურთიერთბრალდებების კიდევ ერთ საბაბად იქცა საქართველოს პოლიტიკური სცენის ორ მთავარ მოთამაშეს - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.
სააკაშვილის შეწყალების შანსები ნულის ტოლი მას შემდეგ გახდა, რაც მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საზღვრის კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო.
„ნაცმოძრაობაში“ სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც მმართველი ძალის შიშის გამოვლინება ექს-პრეზიდენტის ფიგურის წინაშე.
„თუკი ვინმესი ეშინია "ქართულ ოცნებას", ეს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილია“, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მმართველ პარტიაში „ნაცმოძრაობის“ ეს განცხადებები შეაფასეს როგორც გარიგების ჩაშლა სალომე ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის.
„ნაციონალური მოძრაობა“ ამას იმის გამო აპროტესტებს, რომ ის გარიგება, რომელიც პრეზიდენტსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შედგა, როდესაც მათთვის ყველაზე ერთ-ერთი საძულველი პოლიტიკური ფიგურა, როგორც ისინი აცხადებდნენ, იმპიჩმენტს გადაურჩა, საფასური შესაძლებელია სწორედ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ შეწყალების გამოცემას აზრი ეკარგება“, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ვერ გამოუცხადა იმპიჩმენტი პრეზიდენტს, რადგან მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა, რომელსაც ხელისუფლება „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ უწოდებს, უარი თქვა მხარი დაეჭირა პრეზიდენტის თანამდებობიდან მოხსნისთვის.
ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის გარიგების არსებობის შესახებ „ოცნების“ სხვა წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემაც განაცხადა.
„ეს პროტესტი სხვა არაფერი არ არის, თუ არა ის გარიგება, რომელიც შესაძლებელია არსებობდა მასსა (სააკაშვილს - რედ.) და პრეზიდენტს შორის და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ აპირებდა, რომ შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი, რაც მათ შორის უნდა ყოფილიყო ალბათ წინასაარჩევნოდ“, - განაცხადა გორდულაძემ.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით მან პასუხი „ერთხელ და სამუდამოდ“ უკვე გასცა. ჯერ კიდევ 2022 წელს ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „არა და არასდროს“ შეიწყალებს პრეზიდენტ სააკაშვილს.
მეტიც, პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ აძლევენ ექს-პრეზიდენტს სასამართლოს დარბაზიდან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლებას.
„ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას, ასეთი რამ არსად მინახავს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის საკითხი დღეს აქტუალური არ არის, აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ასეთი პოზიცია „ნაცმოძრაობის“ და მისი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას მხრიდან ღია კრიტიკის მიზეზი გახდა.
„პრეზიდენტი ზურაბიშვილის მხრიდან აღნიშნული უკანონობის ნიველირება გუშინდელ პრესკონფერენციაზე არ დააკნინებს პრეზიდენტი სააკაშვილის დამსახურებას ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაგრამ გაართულებს იმ საერთო ევროპულ მომავალზე შეთანხმებას, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულების ადგილი ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0