მაჭარაშვილმა „ნაცმოძრაობა“ ფაშისტურ რეჟიმს შეადარა

© courtesy of United National Movement„ნაცმოძრაობის“ მთავარი ოფისი
„ნაცმოძრაობის“ მთავარი ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2024
გამოწერა
„ნაცმოძრაობა“ უნდა გასამართლდეს, მაშინ დაისვენებს ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და ქართველი ხალხი, მიაჩნია გურამ მაჭარაშვილს
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის მავნებლობის პოლიტიკური ძალა, ამიტომაც ის უნდა გასამართლდეს, და აიკრძალოს როგორც პოლიტიკური რეჟიმი, განაცხადა დეპუტატმა, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
ოთხშაბათს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ განვითარებისა და გრძელვადიანი მშვიდობისთვის მნიშვნელოვანია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს. „საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად ასე მოხდება“, - ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
„აქ საუბარია პოლიტიკური რეჟიმის გასამართლებაზე. ვინმეს წარმოუდგენია, რომ ფაშისტური გერმანიის დროს ნაციონალ-სოციალისტური ჰიტლერის პარტია დარჩენილიყო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად? ეს ხომ არ იქნებოდა რელევანტური“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, როგორც კი ვინმე პოლიტიკურ ჭრილში გამოავლენს საკუთარ თავს, „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინვე შთანთქავს მას.
„ეს არის მავნებლობის პოლიტიკური ძალა. ამიტომაც უნდა გასამართლდეს, რომ აიკრძალოს ეს პოლიტიკური პარტია, ამის შემდეგ დაისვენებს ოპოზიციაც, ხელისუფლებაც და რაც მთავარია, დაისვენებს ქართველი ხალხი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებული „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ცხრა წელი იყო, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვებამდე. 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიცია დაიშალა და ყველა მომდევნო არჩევნებში იმარჯვებდა ერთი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ცალმხრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდა, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.
საქართველოს მხრიდან შეირაღებული კონფლიქტის დროს 400 ადამიანი დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0