დასავლეთთან თანამშრომლობა აქტუალურია საქართველოსთვის - ვიცე-პრემიერი

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2024
გამოწერა
ბლინკენმა 31 ივლისს განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოს მთავრობას 95 მლნ დოლარის დახმარებას შეუჩერებს
თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია და დასავლეთთან დაახლოება და პარტნიორობა, მათ შორის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობა, კვლავ აქტუალური რჩება, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაზე საპასუხოდ.
ბლინკენმა 31 ივლისს განაცხადა, რომ აშშ უჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას საქართველოს მთავრობას ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში, რომელიც აშშ-მა გამოაცხადა ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე. კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთლიანად დასავლეთის კრიტიკის ობიექტი გახდა. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონი დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
„საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან არ გადაუხვევია, მკაფიოდ მინდა, განვაცხადო, ეს არის ძალიან ცალსახა, შესაბამისად, ჩვენთვის დაახლოება და პარტნიორობა დასავლეთთან ისეთივე აქტუალური რჩება, როგორც იყო ყოველთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მათ შორის აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობას“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ არ იცის, კონკრეტულად რა დახმარებაზე საუბრობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.
„ალბათ, უფრო მეტი განმარტება იქნება, კონკრეტულად რა ტრანშზე, ან რაზე იყო ლაპარაკი, რა პროექტზე. მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია, ამიტომ ვერაფერს მოგახსენებთ. დანარჩენი იმას, რომ ჩვენ აშშ-თან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა, გვაქვს და კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ, ამის განწყობას გიფიქსირებთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
როგორც ბლინკენმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ აშშ უჩერებს დახმარებას საქართველოს მთავრობას, შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით.
შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner).
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0