ბლინკენი: აშშ საქართველოსთვის დახმარების პროგრამას აჩერებს

© AP Photo / J. Scott Applewhiteენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენი - Sputnik საქართველო, 1920, 31.07.2024
გამოწერა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო საქართველო დასავლეთის კრიტიკის ობიექტი გახდა
თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში აშშ-მ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება შეაჩერა, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთლიანად დასავლეთის კრიტიკის ობიექტი გახდა. მათი განცხადებით, აღნიშნული კანონი დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
„საქართველოს მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, მე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დავაანონსე. ამ გადახედვის შედეგად, შეერთებული შტატები 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას აჩერებს, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას", - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, გაგრძელდება რიგი პროგრამების დაფინანსება.
„მაშინ, როდესაც ჩვენ ვაჩერებთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ამ ქმედებების გამო, შეერთებული შტატები გააგრძელებს პროგრამებისა და აქტივობების მხარდაჭერას, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ ქართველი ხალხისთვის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებით", - განაცხადა ბლინკენმა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობის „ანტიდემოკრატიული ქმედებები და ტყუილის შემცველი განცხადებები" არ შეესაბამება ევროკავშირსა და ნატოში წევრობის ნორმებს.
„ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის 32 წელზე მეტის განმავლობაში, შეერთებული შტატების ხალხმა დახმარების 6,2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, რამაც წვლილი შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და გაძლიერებაში. ჩვენმა დახმარებამ წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სანაპირო დაცვის აღჭურვასა და წვრთნაში, სკოლებისა და საავადმყოფოების აშენებაში, მასწავლებლების, საჯარო მოსამსახურეებისა და სამედიცინო პროფესიონალების წვრთნაში. ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგული დავრჩებით", - აღნიშნა მან.
აშშ-ის გარდა, ევროკავშირმა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა და თავდაცვის სამინისტროს 30 მლნ ევრო გაუყინა. ნატოს სამიტის შემდეგ დეკლარაციაში კი არ შევიდა ჩანაწერი, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0