ბათუმში უნგრეთის საკონსულო გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerმთავრობის კანცელარია
მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2024
გამოწერა
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს.
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ბათუმში უნგრეთის საკონსულო გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 24 ივლისს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით, გაიცა თანხმობა ბათუმში, საპატიო კონსულის მეთაურობით უნგრეთის საკონსულო დაწესებულების გახსნის თაობაზე.
საკონსულო ოლქი მოიცავს აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
თბილისში უნგრეთის საელჩო 2008 წელს გაიხსნა, ხოლო საქართველოს საელჩო უნგრეთში - 2009 წელს.
საქართველოსა და უნგრეთის ურთიერთობები
ბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დათბა. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ მათ არაერთხელ უწოდა „მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული“.
განსაკუთრებით აღინიშნა უნგრეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და მისი ხელისუფლების ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი. დღეს უნგრეთის ხელმძღვანელობა რჩება მმართველი პარტიის მთავარ ევროპელ მოკავშირედ.
2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს საქართველოს „ნამდვილი მეგობარი“ უწოდა.
უნგრელი და ქართველი პოლიტიკოსები ბოლო დროს საუბრობენ ისტორიისა და კულტურის მსგავსებაზე, საერთო ღირებულებებზე. ორი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციები ასევე ემთხვევა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის საკითხს.
ორბანი ამ საკითხთან დაკავშირებით ორაზროვან პოზიციას იკავებს: ის სიტყვებზე მხარს უჭერს ევროკავშირისა და ნატოს ზოგად პოლიტიკას, მაგრამ არა მხოლოდ უარს ამბობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე უნგრეთის გავლით, არამედ პერიოდულად ბლოკავს ევროკავშირის ინიციატივებს კიევისთვის დახმარების გაწევის საკითხზე.
საქართველოს ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინას დიპლომატიურ დონეზე, მაგრამ არ გაუწევს მას სამხედრო დახმარებას და არ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ისინი უკრაინის ხელმძღვანელობას „მეორე ფრონტის“ გახსნისა და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ.
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთაშორისი კომისია ფუნქციონირებს. შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
ყველა ახალი ამბავი
0