სუს-მა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება დაადასტურა

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2024
გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველი მოხალისეების გამოკითხვას უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს გამოძიებას ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების, მათ შორის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუს-ი უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველი მოხალისეების გამოკითხვას უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ნადიმ ხმალაძე, ლაშა ჭიღლაძე, კონსტანტინე ჯღამაია და გელა კახაბრიშვილი მაგისტრი-მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. გამოკითხვაზე დაბარებულია ვაჟა ცეცაძე.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.
„საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარება", - აღნიშნულია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე - სსკ-ის 18-323-ე და 315-ე მუხლების პირველი ნაწილებით.
სუს-ის გამოძიება
განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეზე მებრძოლ ქართველ მოხალისეებს გამოკითხვაზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მკვლელობის მომზადების საქმეზე იბარებს, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა 23 ივლისს გააკეთა.
ადვოკატის თქმით, რომელიც გამოკითხვას ესწრებოდა, გამოძიება დაინტერესდა იმით - ჰქონდა თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ურთიერთობა უკრაინაში „ქართული ეროვნული ლეგიონის" დამფუძნებელ მამუკა მამულაშვილთან და ასევე ჰქონდა თუ არა კავშირი უცხოურ დაზვერვასთან.
გამოკითხული მოხალისეებიდან რამდენიმე - კონსტანტინე ჯღამაია და ნადიმ ხმალაძე თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. სკანდალური კანონის წინააღმდეგ აქციები გაიმართა როგორც 2023 წელს, როდესაც პირველად იქნა ინიცირებული კანონპროექტი, ისე 2024 წელს, როდესაც მმართველმა პარტიამ პარლამენტში კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2023 წლის 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია მოსალოდნელ არეულობებზე 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დროს სუსში არ დაუკონკრეტებიათ, როდის დაიწყო გამოძიება.
აღინიშნა, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებას, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა ჯგუფი ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით გეგმავდა. უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში იყო ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის" მეთაურია.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ ე.წ. კარვების ქალაქის მოწყობას, ერთ-ერთი კარვის დანაღმვას და აფეთქების განხორციელებას, რის შედეგად დაიღუპებოდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0