პრემიერი: ევროკავშირი მოლაპარაკებების დაწყებაზე ქართველ ხალხს უარს არ ეტყვის

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2024
გამოწერა
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე ქართველ ხალხს უარს არ ეტყვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
„ეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ქართველ ხალხთან მიმართებით. ასე იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ანუ ქ მათ ხომ მისცეს ართველ ხალხს კანდიდატის სტატუსი. მაქვს იმედი, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს არ ეტყვიან“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, თუ საქართველო უარს მიიღებს, ეს დიდი უსამართლობა იქნება.
„თუ სხვანაირად მოხდება, გამოდის, რომ ქართველი ხალხის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა. ხედავთ, როგორი უსამართლობაა, დსთ-ის წევრი ქვეყანა მოლდოვა, ნული პოლიტიკური და მედია პლურალიზმით, დემოკრატიის, კორუფციის კუთხით სერიოზული პრობლემებით და ამ სიტუაციაში მასთან მოლაპარაკებები გახსნილია და ჩვენთან არა. ეს არის სრული უსამართლობა", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ასეთი უსამართლობა აიხსნება ევროკავშირისა და საქართველოს განსხვავებული ინტერესებით.
„ამ უსამართლობის ერთადერთი მიზეზი და ახსნა არის განსხვავებული ინტერესები. როგორც კი შეიცვლება ინტერესები, მაშინვე შეიცვლება საქართველოს მიმართ მიდგომა და გაიხსნება მოლაპარაკებები“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობები 2024 წლის ზაფხულიდან გაუარესდა.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს გაეყინათ ფული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და მეტიც, გააგრძელონ მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერის შემცირება და მისი გადამისამართება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის. მან ეს გადაწყვეტილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ანტიდასავლური რიტორიკით ახსნა.
გარდა ამისა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
რაც შეეხება ევროპარლამენტს, ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება ხშირად აკრიტიკებდა მას მიღებული რეზოლუციების გამო და აცხადებდა, რომ მათ არავითარი ღირებულება არ გააჩნიათ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ოთხი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, მეორე 2022 წლის 14 დეკემბერს, მესამე 2023 წლის 16 თებერვალს და მეოთხე 2024 წლის 24 აპრილს.
ბოლო რეზოლუციაში ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროპულ საბჭოს, არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და საქართველო გააგრძელებს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას.
ყველა ახალი ამბავი
0