კომპრომისი სინდისთან ანუ რატომ ცვლის ოპოზიცია რიტორიკას: პოლიტიკოსის მოსაზრება

© Courtesy of Zurab Kadagidzeზურაბ ქადაგიძე
ზურაბ ქადაგიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2024
გამოწერა
პოლიტიკოსმა რუსეთისა და დონალდ ტრამპის მიმართ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები შეაფასა
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. დღევანდელი ოპოზიცია, რომელიც ადრე რუსეთის წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებდა, ახლა კი ამ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს, ყველაზე სამარცხვინო მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში, დაწერა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ სოციალურ ქსელში.
ოპოზიციური პარტია „ახალის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ, რომელიც რუსეთთან დაკავშირებით არსებული ხელისუფლების პოლიტიკის მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, გასულ კვირას გაუმართლებელი უწოდა რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობისადმი და რუსების ქვეყანაში შემოსვლისადმი „ისტერიულ დამოკიდებულებას". თუ რუსეთთან პირდაპირი ფრენები საქართველოს მოქალაქეებისთვის კომფორტული და ევროინტეგრაციის პროცესთან თავსებადია, მაშინ იყოს ფრენები, აღნიშნა მან.
„სინდისთან რომ კომპრომისებზე არიან წასულები, მაგიტომაც არის დღევანდელი ოპოზიცია ყველაზე სამარცხვინო მოვლენა ქართულ პოლიტიკაში. ჯერ რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, ქვეყანაში არ შემოვუშვათო და აქციებს მართავდნენ. ახლა კი აუცილებელია ექსპორტი რუსეთთანო…”, -დაწერა ქადაგიძემ სოცქსელში.
ქადაგიძემ ასევე გაიხსენა ოპოზიციონერების ადრინდელი განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატზე დონალდ ტრამპზე და მას შემდეგ, რაც აშშ-ის ამჟამინდელმა ლიდერმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
„ტრამპი პუტინის პროექტად მონათლეს, კლოუნს, ამერიკის სირცხვილს უწოდებდნენ და ახლა დემოკრატიის დამცველიაო…საკუთარ მამიდებს გამოდებენ პანელზე, ოღონდ რაიმე სარგებელი ნახონ.ამ, უპრინციპო მანქურთებისგან უნდა გაიწმინდოს საზოგადოება!”, - დაწერა ქადაგიძემ.
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, არამედ ექს-პრეზიდენტს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა. მისი თქმით, დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა, რადგან, მათი გათვლებით, ტრამპი, დიდი ალბათობით, არჩევნებში გამარჯვებს.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში კონფლიქტი უფრო ადრე დასრულდება და შესაბამისად, სიტუაცია რეგიონში უფრო ადრე დაწყნარდება, რაც შეცვლის კონკრეტულად საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას.
იმავდროულად, საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ტრამპის არჩევის შემთხვევაში, საქართველოს ურთიერთობები აშშ-სთან აღდგება, ცალსახა სიცრუე და ქართველი ხალხის მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა უწოდა. შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენა მხოლოდ საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შედეგადაა შესაძლებელი, აღნიშნა ბოკუჩავამ.
აშშ-მ 30 მაისიდან გამოაცხადა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის თაობაზე ქვეყნაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ფონზე, რომელიც ავალდებულებს უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
30 მაისს აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის შესახებ განცხადება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების ფონზე გააკეთა, რომელიც ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას უარი ეთქვა „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, მათი თქმით აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპულობას“ და ეს არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
ბრძოლა გადარჩენისთვის
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბევრი რამ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა გააფუჭა, განაცხადა მანამდე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში რევოლუციის რამდენიმე მცდელობა განხორციელდა და თითოეული ამ მცდელობის უკან, მათ შორის, აშშ-დან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები იდგა.
რევოლუციის მოწყობის პირველი მცდელობა 2020 წელს განხორციელდა. საუბარია 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგებში დაშვებულ შეცდომაზე, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ჩაატარა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ გააყალბა საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის შედეგები და ეს მხოლოდ ხუთი კვირის შემდეგ აღიარა, რითაც ისარგებლა „რადიკალურმა ოპოზიციამ“, გამოაცხადა რა ბოიკოტი და დაიწყო საპროტესტო აქციები.
საქართველოში რევოლუციის მეორე მცდელობა 2022 წლის ივნისში, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან მალევე განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლებამ მაშინვე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებდა და არ გაგზავნიდა ორგანიზებულად მოხალისეებს უკრაინაში, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვდა, თუმცა, აღასრულებდა საერთაშორისო სანქციებს.
2022 წლის ივნისში საქართველომ უარი მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და დაიწყო პროტესტის ტალღა. ანტისამთავრობო აქციაზე „შინ ევროპისკენ“ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური გამოდიოდნენ.
რევოლუციის მესამე მცდელობა საქართველოში 2024 წელს განხორციელდა. 15 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ინიცირების შემდეგ, ათასობით ადამიანი ქუჩაში საპროტესტო აქციებზე გამოვიდა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო ორგანიზებული.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეს არის სწორედ იმის მტკიცებულება, რომ ყველაზე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები იჭრებიან პოლიტიკაში, შესაბამისად, კანონი მათი დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ აუცილებელია.
გლობალური ომის პარტია
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
ყველა ახალი ამბავი
0