საქართველოს სახალხო დამცველი ამნისტიის პროექტის გაუმჯობესების წინადადებით გამოვიდა

© courtesy of Levan Ioselianiლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2024
გამოწერა
საქართველოს ციხეებში 10 ათასზე მეტი პატიმარია, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მიმართა დეპუტატებს რეკომენდაციებით „ამნისტიის შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტმა წინა დღეს პირველი მოსმენით მიიღო.
საქართველოს პარლამენტმა 19 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“. როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, ისინი მზად არიან განიხილონ ყველა არგუმენტირებული შენიშვნა და წინადადება, სანამ კანონპროექტს მომდევნო მოსმენებით შემოდგომაზე მიიღებენ.
„სახალხო დამცველი მზად არის დამატებითი სამუშაო შეხვედრა გამართოს კანონპროექტის ინიციატორებთან და ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. ამასთან, მიესალმება პარლამენტის მიერ ამ მიმართულებით გაცხადებულ ნებას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ეხება უვადო პატიმრობაში მყოფ პირებს. კერძოდ, ლევან იოსელიანი ითხოვს, გაიმართოს მსჯელობა უვადო თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რომელთაც მოხდილი აქვთ სასჯელის გონივრული ვადა და განხილულ იქნას მათ მიმართ ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობა.
უვადო პატიმრობა - სასჯელის უმაღლესი ზომა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებისთვის, კერძოდ ესაა მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ნარკოტიკების რეალიზაცია, არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობა. არცერთ ამ მუხლზე ამნისტია არ ვრცელდება.
„შესაძლებელია შემუშავდეს დამატებითი პირობები, რომელიც მაქსიმალურად სამართლიანი და გონივრული პრინციპით შეძლებს დაადგინოს იმ პირთა წრე, რომელსაც შეიძლება შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ამნისტიის კანონი პირველი მოსმენით მიიღეს>>
სახალხო დამცველი ასევე სთავაზობს პარლამენტს, რომ მეტად ლოიალური მიდგომა გაატაროს იმ პატიმრების მიმართ, რომელთაც ეხებათ ამნისტია, თუმცა დამატებით, ქრონიკული ან/და განუკურნებელი დაავადებები აქვთ.
ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული სიფრთხილე იქნას გამოჩენილი ოჯახური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესში. კერძოდ, აუცილებელია მსხვერპლთა თანხმობების მიღების პროცესში დაცული იყოს მათი ინტერესები და უსაფრთხოება; და მათ შეძლონ თავისუფალი ნების გამოვლენა, ყოველგვარი იძულებისა და კანონსაწინააღმდეგო გავლენების გარეშე.
მათ შორის, შესაძლებელია ამ პროცესში რელევანტური უწყებების ჩართულობა ან სასამართლოს წინაშე დაზარალებულთან გასაუბრება, რათა ერთი მხრივ, მოსამართლე დარწმუნდეს მსხვერპლის პოზიციაში და მეორე მხრივ, სასამართლომ შეძლოს დამცავი ორდერის ადეკვატური პირობების განსაზღვრა, რაც უზრუნველყოფს დაზარალებულის ეფექტიან დაცვას.
რას ითვალისწინებს პროექტი
პროექტის თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ნაწილი უპირობოდ გათავისუფლდება, ნაწილს კი მათი ქმედებებისგან დაზარალებულთა თანხმობა დასჭირდება.
გათავისუფლების გარდა, ამნისტია 1/2, 1/4 და 1/6-ით პატიმრობის ვადის შემცირებას და ასევე პირობითი სასჯელის ერთი წლის ვადით შემცირებას ითვალისწინებს. ინიციატორების თქმით, 1/6-ით პატიმრობის შემცირება სისხლის სამართლის კოდექსის 225 მუხლით იგეგმება.
ამნისტია არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან ისეთი დანაშაულებებისთვის, როგორიც არის მკვლელობა, ნარკორეალიზაცია, სქესობრივი დანაშაული, ყაჩაღობა, ტერორიზმი, კორუფციული და თანამდებობრივი დანაშაული, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი და ა.შ.
პროექტის მიღების შემდეგ ციხეს დაახლოებით ათასი პატიმარი დატოვებს, სულ კი ამნისტია 5 ათასამდე ადამიანს შეეხება.
კანონპროექტის მიღების მიზნები
ამნისტიის მიზანი 28 ივნისს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განმარტა. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია პატიმართა რაოდენობის შემცირება ოპტიმალურ ევროპულ დონემდე.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
2024 წლის 1 ივნისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 10.241 ადამიანია, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ყველა ახალი ამბავი
0