საქართველოს განსაკუთრებული ფუნქციები ევროპული სამიტის დოკუმენტში აისახა - პრემიერი

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2024
გამოწერა
საქართველო მუდმივად მუშაობს თავისი სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, აღნიშნა პრემიერმა
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განსაკუთრებული მნიშვნელობა აისახა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დოკუმენტში, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტში, სადაც ევროპის 47 ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურები შეიკრიბნენ.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ, გამოიკვეთა საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ რომ ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხით და ზოგადად სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით“, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, საქართველო მუდმივად მუშაობს სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების შემდეგ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე.
„ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი იმისთვის, რომ ამ კუთხით გამოვკვეთოთ ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში, ამაზე გვქონდა საუბარი ამ სამიტის ფარგლებში და სწორედ ეს საკითხი აისახა საბოლოო ჯამში ამ სამიტის დოკუმენტში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერი: საქართველოს ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია>>
პრემიერის თქმით, ქართულ; დელეგაციას ჰქონდა ასევე საშუალება, რომ გაემართა ორმხრივი შეხვედრები, გასაუბრებოდა კოლეგებს, პრეზიდენტებს, პრემიერებს სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან.
„შესაბამისად, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი, რათა გაგვეზიარებინა ის გზავნილები, რაც უკავშირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნული პლატფორმა 2022 წლის მაისში შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ინიციატივით. გაერთიანებაში შედის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ნორვეგია, შვეიცარია, ისლანდია, ლიხტენშტეინი, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
შუა დერეფანი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
შუა დერეფანი - არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს „შუა დერეფანი" არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და კასპიის ზღვის გასწვრივ ახლო აღმოსავლეთი-დასავლეთის დერეფნის პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი დერეფანში სატრანზიტო მარშრუტის ფარგლებში საქართველოს ჩართვის ინიციატივით გამოვიდა.
შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელის პროექტი
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი ევროპასთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს, ენერგიის განახლებადი წყაროების თვალსაზრისით, დიდი პოტენციალი აქვს და ის მიმზიდველია, როგორც სატრანზიტო ჰაბი.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. კაბელი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვას. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1.195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0