სააკაშვილი და ამნისტიის შეზღუდვა - საქართველოს პარლამენტში პირველი კენჭისყრა გაიმართა

© photo: Sputnik / Stringerაქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით
აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2024
გამოწერა
ამნისტია შეეხება პატიმართა თითქმის ნახევარს - 4839 ადამიანს, საიდანაც თითქმის მესამედი გათავისუფლდება, ნათქვამია კანონპროექტში.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ უსამართლობა უწოდა საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და სამსახურებრივი დანაშაულისთვის მსჯავრდებულების ამნისტიის მიღმა დატოვებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ ჰუმანური აქტის გავრცელება, მათ შორის საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.
მიუხედავად იმისა, რომ „გირჩის“ დეპუტატებს ჰქონდათ შენიშვნები, მათ პრინციპების დონეზე მაინც დაუჭირეს მხარი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს. პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ინიციატივის მიხედვით, ამნისტია პატიმართა თითქმის ნახევარს - 4839 ადამიანს შეეხება, საიდანაც დაახლოებით 1 ათასი პირი გათავისუფლდება.
„ადამიანებს ციხეში ტოვებთ. ეს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული ცუდი საქმე არ იქნება, არამედ ჩვენი გაკეთებული ცუდი საქმე იქნება“, - განაცხადა ხვიჩიამ.
მან აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია მმართველი პარტიის პოზიცია, რომ მიხეილ სააკაშვილის ამნისტია - წინასაარჩევნო პოლიტიკური საკითხია.
„იმის გამო, რომ მას ამნისტია არ შეეხოს, იმ ადამიანებს, რომლებიც იმავე მუხლით სხედან ციხეში, რაც მიხეილ სააკაშვილს აქვს მისჯილი, მგონი, არაა სამართლიანი ვთქვათ, რომ იცით რა, არც ერთს არ გაგიშვებთ იმიტომ, რომ მიშა ზის ციხეში ამ მუხლით“, - განაცხადა ხვიჩიამ.
ამას გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, რომელმაც განაცხადა რომ სააკაშვილის გათავისუფლება დაუშვებელია.
საქართველოში ამნისტიის კანონი პირველი მოსმენით მიიღეს >>
„თქვენ იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დროს, ფაქტობრივად, გასამართლდა ამ ქვეყნის 300 ათასი მოქალაქე. ფაქტობრივად, ოჯახი არ დარჩა, რომელსაც ეს პრობლემა არ შეეხო. სიკვდილიანობა, საშუალოდ, იყო 150 ადამიანის და ყოველწლიურად, ეს რიცხვი რეალურად იყო ბევრად უფრო მაღალი“, - აცხადებს რატი იონათამიშვილი.
მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს სახალხო დამცველის ანგარიშებში გაჩნდა ასეთი ტერმინი: „სიკვდილის ექსპორტი“.
„მიხეილ სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალი ამ ქვეყანაში, რომელიც სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნო სტრასბურგის სასამართლომ. შესაბამისად, ამნისტიის პროცესის დროს, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი ძალიან უხერხულია და ასეთ დამნაშავეებს არ უნდა ეხებოდეს (ამნისტია - რედ.)“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, 2011 წლის მონაცემებით, სახელმწიფო პატიმარზე საშუალოდ ხარჯავდა 335 ლარს. ახლა კი ეს თანხა 1800 ლარს შეადგენს.
საქართველოს ხელისუფლებამ დააინიცირა ამნისტიის პროექტი, რომელიც შეეხება მათ, ვინც 2024 წლის 1 ივლისამდე ჩაიდინა დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით. წინასწარი მონაცემებით, ის არ შეეხება პირებს, რომლებიც მსჯავრდებულები არიან მკვლელობის, ნარკოგასაღების, სექსუალური დანაშაულის, ძარცვის, ტერორიზმის, კორუფციული და სამსახურებრივი დანაშაულისთვის, ე.წ. „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის, კონვენციებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის, ადამიანებით ვაჭრობისა და მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებისთვის.
2011 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში 24.114 პატიმარი იმყოფებოდა, თუმცა, 2012 წელს ამნისტიის გამოცხადების შემდეგ მათი რაოდენობა 9.093 ადამიანამდე შემცირდა და 2014 წლის პიკის შემდეგ - 10.372 ადამიანი - მომდევნო წლებში 9,8 ათასამდე ნარჩუნდებოდა.
2024 წლის 1 ივნისის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 10.241 ადამიანია, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ამასთან, სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0