ქვიშის ფეხბურთის ევროლიგა 2024: ბათუმი საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს

© Ajara Tourism Departmentბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 17.07.2024
გამოწერა
აღნიშნული ტურნირისთვის ბათუმის ბულვარში ახალი სტადიონი აშენდა.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ბათუმში, ქვიშის ფეხბურთში ევროლიგისა და ბათუმის საერთაშორისო თასის მატჩები 17-21 ივლისის პერიოდში გაიმართება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.
აღნიშნული ტურნირისთვის ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ახალი სტადიონი - Batumi Beach Arena აშენდა, რომელიც გათვლილია 1300 მაყურებელზე და სრულად შეესაბამება ქვიშის ფეხბურთში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს.
ტურნირში შვიდი გუნდი მიიღებს მონაწილებას. A ჯგუფის სამი გუნდი – საქართველო, ლატვია და უნგრეთი ევროლიგის A დივიზიონის საგზურისთვის იბრძოლებენ, ხოლო B ჯგუფის გუნდები (უკრაინა, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ლიბანი) საერთაშორისო სარეიტინგო ქულების მოპოვებას შეეცდებიან.
ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფიში ითამაშებენ და ბათუმის საერთაშორისო თასის გამარჯვებულს გამოავლენენ.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ჯგუფურ ეტაპზე:
17 ივლისი, საქართველო – ლატვია, 19:00
19 ივლისი, საქართველო – უნგრეთი, 19:00
საქართველოს ნაკრები ქვიშის ფეხბურთში 2008 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შეიქმნა, სადაც ყველა მატჩი წააგო.
ამის შემდეგ გუნდმა 9-წლიანი პაუზა აიღო და საერთაშორისო არენაზე მხოლოდ 2017 წელს დაბრუნდა.
ევროლიგაზე საქართველოს ნაკრების დებიუტი 2018 წელს შედგა.
ყველა ახალი ამბავი
0