დეპუტატი: ევროკავშირის გადაწყვეტილება ქართული ჯარის მიმართებით უსამართლოა

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2024
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, ევროკავშირის ლიდერებმა თავიანთი გადაწყვეტილებით განააცხადეს, რომ საქართველოში რევოლუციურ სცენარებს დააფინანსებენ.
თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ქართულმა ჯარმა, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში და მხარს უჭერდა ნატოს, ევროკავშირის ლიდერებისგან საპასუხოდ მიიღო დაფინანსების შეჩერება, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
9 ივლისს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გაერთიანების ლიდერების გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, რომლებიც, დიპლომატის თქმით, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო ამჟამად დიდი ზეწოლის ქვეშ არიან. ამასთან, ჰერჩინსკიმ თავდაცვის სამინისტროსთვის განკუთვნილი 30 მილიონის გაყინვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა.
„მათ 30 მილიონთან დაკავშირებული თემა სავაჭროდ გახადეს, რაც ასევე გაუგებარი და შეურაცხმყოფელია. ქართულმა ჯარმა მსოფლიოს მშვიდობისთვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩადო, ნატოს ჯარებს ბოლომდე გვერდით დაუდგა და სამაგიეროს ამით გვიხდიან?! სამაგიეროს იმით გვიხდიან, რომ ქართულ ჯარს ეუბნებიან: - შენ აღარ გიყიდი 30 მილიონად იარაღს და ლომჯარიას „მოლოტოვის კოქტეილს“ ვუყიდი", - განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან.
2021 წელს ქართველმა სამხედროებმა დატოვეს ავღანეთი, სადაც 2004 წლიდან მონაწილეობდნენ ნატოს სამშვიდობო მისიაში. 2014 წლიდან საქართველოს თავდაცვის ძალების კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით გამართულ საერთაშორისო მისიაში მონაწილეობს.
2017 წლის იანვრიდან კი ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ – სამხედრო-საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) ჩაერთო. 2022 წლამდე საქართველოდან მისიაში 35-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.
პოლიტიკოსის თქმით, ევროკავშირის ლიდერები ამით აცხადებენ, რომ საქართველოში რევოლუციურ სცენარებს დააფინანსებენ.
გარდა ამისა, მაჭარაშვილის თქმით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადება არის არაკორექტული, გაუგებარი და ამავდროულად შეურაცხმყოფელი ქართველი ხალხისთვის.
„ელჩმა თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაჩერდა. ეს რას ნიშნავს? თეორიულად დავუშვათ, რომ საუბრობენ შეჩერებაზე, რა არის ამის არგუმენტი და რა დოკუმენტები არსებობს ამასთან დაკავშირებით?!", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, არსებობს მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, არაერთი კვლევითი ორგანიზაციის დოკუმენტები, რომლის მიხედვით, საქართველო მოწინავე ადგილზეა.
„ამ ფონზე ევროკავშირის ელჩს ასახსნელი აქვს, როცა მაგიდაზე დევს დოკუმენტი, რომ საქართველომ გამოცდა პირნათლად, უმაღლესი ქულებით ჩააბარა, რატომ ამბობს, რომ პროცესი შეჩერდა?! რას ნიშნავს - რა მექანიზმია ასეთი?", - აღნიშნა დეპუტატმა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხი განიხილეს 24 ივნისს ლუქსემბურგში - ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ. საპასუხო ზომების ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმის ექვსი თვით შეჩერება. განცხადება აღნიშნულის თაობაზე მაისის დასაწყისში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გააკეთა.
ყველა ახალი ამბავი
0