ვინ ცდილობს „ნაცმოძრაობის" ხელში ჩაგდებას?

© AFP 2024 / ANNE-CHRISTINE POUJOULATდავით კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2024
გამოწერა
გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმის „შექმნის შესახებ განაცხადეს
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის ნაცვლად, სხვა ცდილობს ხელში ჩაიგდოს საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა.
„ქართული ოცნება“ კეზერაშვილს ოლიგარქს უწოდებს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ კულისებიდან აკონტროლებს. გუშინ მოკავშირეებმა - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმის „ერთიანობა საქართველოს გადასარჩენად“ შექმნის შესახებ განაცხადეს, რომელშიც პოლიტიკოსების გარდა, გაერთიანდნენ ყოფილი ელჩი გია ჯაფარიძე და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე.
„ვიღაც სხვა ცდილობს, კეზერაშვილის ნაცვლად პარტია ხელში ჩაიგდოს. აქამდე პარტიას კეზერაშვილი აკონტროლებდა, შემდეგ თავმჯდომარის თანამდებობიდან ხაბეიშვილი გაუშვეს და ბოკუჩავა მოიყვანეს", - განაცხადა დავითულიანმა.
დეპუტატმა არ იცის, რა არსებითი განსხვავებაა ბოკუჩავასა და ხაბეიშვილს შორის და მიაჩნია, რომ შეიძლება საქმე იმაშია, რომ ისინი სხვადასხვა ადამიანების კადრები არიან.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ეს ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" კეზერაშვილისგან დაფინანსებას აღარ მიიღებს და მათი დაფინანსება კიდევ უფრო გასაიდუმლოებული და უკანონო გახდება.
„არ ვიცი, კეზერაშვილის გარდა, ვის აქვს ამხელა ფინანსური რესურსი, რომ წინასაარჩევნოდ მათი მადის დაკმაყოფილება შეძლოს", - აღნიშნა დეპუტატმა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნა „ნაციონალურ მოძრაობაში" უთანხმოების საგანი გახდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, პარტია დატოვა გენერალმა ზურაბ გოგავამ, რომელიც „ნაცმოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარიე იყო. იგი აღნიშნულ პოსტზე მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ შეცვალა.
რაც შეეხება ხაბეიშვილს, იგი პარტიას 2023 წლის 6 თებერვალს ჩაუდგა სათავეში, მას შემდეგ რაც თავმჯდომარის შიდაპარტიულ არჩევნებში ნიკა მელია დაამარცხა.
მელიამ არაერთხელ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილის უკან საზღვარგარეთ მყოფი და სამშობლოში დაუსწრებლად მსჯავრდებული საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დგანან - მერაბიშვილმა სამსახურებრივი დანაშაულისთვის სასჯელი მოიხადა.
2023 წლის ბოლოს რიგმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის მელიამ, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ პარტიის პოლიტიკას და ხაბეიშვილის ქმედებებს, „ნაციონალური მოძრაობა" დატოვეს და განაცხადეს, რომ იქ არაფორმალური მმართველობა დამყარდა.
რაც შეეხება ხაბეიშვილს, მან 2024 წლის ივნისის დასაწყისში პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მიზეზების გამო მიიღო.
ვინ არის კეზერაშვილი
დავით კეზერაშვილი 2006-2008 წლებში, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012) მან ქვეყანა დატოვა.
2021 წელს კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე (ე.წ. წვრთნების საქმე) და დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. მანამდე ორი ინსტანციის სასამართლომ ის გაამართლა. მის წინააღმდეგ განიხილება კიდევ ორი საქმე – 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ბიზნესმენებისთვის (მამა-შვილი თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეები) ქონების გამოძალვის საქმე.
კეზერაშვილმა, რომელიც საქართველოში მრავალი წელია არ ჩამოსულა, 2019 წელს ტელეკომპანია „ფორმულა" დააარსა - იგი არის ერთ-ერთი იმ სამი ახალი ტელეარხიდან, რომელიც მკვეთრად აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას. მმართველი პარტია აღნიშნულ ტელეკომპანიებს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურს უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0