დეპუტატი: გადაწყვეტილება თავდაცვის უწყებისთვის 30 მლნ ევროს გაყინვაზე დასავლეთს აზიანებს

© photo: Sputnik / Alexei Vitvitskiევროკავშირის დროშები
ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2024
გამოწერა
დავითულიანის თქმით, ბოლო წლებში საქართველო ერთდროულად ცდილობს დაიცვას ეროვნული ინტერესები და განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ,
თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის განკუთვნილი 30 მლნ ევროს გაყინვის შესახებ ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილება ზიანს აყენებს დასავლეთის ინტერესებს, რომლისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი წერტილია გეოპოლიტიკურ რუკაზე, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხი განიხილეს 24 ივნისს ლუქსემბურგში - ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 9 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვა. დიპლომატის თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა შეზღუდული იქნება.
„ვინმე თუ ფიქრობს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აზიანებენ, ასე არ არის, ეს აზიანებს არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ დასავლურ ინტერესებსაც, რომლისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი წერტილია გეოპოლიტიკურ რუკაზე. ამას რაც უფრო მალე გააცნობიერებენ, მით უკეთესია“, - განაცხადა დავითულიანმა.
მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველო ერთდროულად ცდილობს დაიცვას ეროვნული ინტერესები და განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ, ზოგადად დასავლური ინსტიტუტებისკენ.
„სამწუხაროდ, ვიღაცები ცდილობენ, ასე არ მოხდეს... სამწუხაროა, რომ თავდაცვის ბიუჯეტს აკლებენ და თანხების სამოქალაქო სექტორის ბიუჯეტში გადასროლა მოხდება. ამის საბაბად სახელდება კანონი, რომელიც მიღებულია", - განაცხადა დეპუტატმა.
მანამდე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე გადამისამართდება. ჰერჩინსკიმ ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ შეაჩერონ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0