„გამარჯობა რუბი" - პროგრამირების ახალი წიგნი ყველა სკოლისთვის ხელმისაწვდომი გახდება

© Communications Commission of Georgiaწიგნი „გამარჯობა რუბი"
წიგნი „გამარჯობა რუბი - Sputnik საქართველო, 1920, 07.07.2024
გამოწერა
„გამარჯობა რუბი" დაწყებითი სკოლებისთვის პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერების შესახებ წიგნების სერიაა, რომელიც აღიარებული და თარგმნილია 36 ქვეყანაში.
თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის პროგრამირების საფუძვლებზე წიგნი „გამარჯობა, რუბი“ საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლისთვის გახდა ხელმისაწვდომი, იუწყება კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
„გამარჯობა რუბი“ – არის ფინური საბავშვო წიგნების სერია, რომელიც დაწყებითი კლასის ბავშვებში კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას და კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას ისახავს მიზნად. იგი 2019 წელს ქართულად ითარგმნა და გამოიცა. იმავე წელს პროგრამირება ამ წიგნის მიხედვით ქვეყნის მხოლოდ რამდენიმე სკოლაში ისწავლებოდა.
კომისიამ წიგნის სკოლებში ინტეგრირება განათლების სამინისტროს მხარდაჭერით შეძლო. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, „გამარჯობა რუბის“ ავტორმა ლინდა ლიუკასმა 20 პედაგოგი აღნიშნული წიგნით სწავლების მეთოდებისა და მიდგომების შესახებ გადაამზადა.
გადამზადებულმა ტრენერებმა კი, მთელი საქართველოს მასშტაბით, კომპიუტერული ტექნოლოგიების 800-ზე მეტი მასწავლებლისთვის, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, 50-მდე ვებინარი ჩაატარეს.
ყველა გადამზადებულ მასწავლებელს გადაეცემა წიგნი და დამხმარე რესურსები, რომელთა დანერგვასაც სასწავლო პროცესში ისინი 2024 სასწავლო წლიდან შეძლებენ.
გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეიმუშავა აღნიშნული წიგნით სწავლების მეთოდოლოგიის მოდული, რომელშიც დეტალურად არის მითითებული თითოეულ თავთან დაკავშირებული ინფორმაცია, სწავლების პრინციპები, წიგნის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობები და მასწავლებლების მიერ „გამარჯობა რუბის“ სავარჯიშოებზე დაყრდნობით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია.
აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისია წიგნების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის მიზნით, მასწავლებლების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, ევროკომისიის მიერ ციფრულ ელჩად აღიარებული და „გამარჯობა რუბის“ წიგნების ავტორი ლინდა ლიუკასი 2019 და 2023 წლებში საქართველოს ეწვია. ვიზიტების ფარგლებში კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლები და ტრენერები გადამზადნნენ პროგრამირების სწავლების თანამედროვე მეთოდებში ამ სახელმძღვანელოს გამოყენებით.
„გამარჯობა რუბი“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროგრამირებისა და კომპიუტერული მეცნიერების საწყისების წიგნების სერიაა, რომელიც 36 ქვეყანაშია აღიარებული და თარგმნილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წიგნები ნიუ-იორკის სკოლების სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს წიგნების ქართულ ენაზე გამოცემის ლიცენზია მოიპოვა, რის შემდეგაც 17,5 ათასი სახელმძღვანელო გამოიცა. დღეის მონაცემებით აღნიშნული რესურსით საქართველოს 100-მდე სკოლის 10 ათასზე მეტი მოსწავლე კომპიუტერული მეცნიერებების საწყისებს სწავლობს.
ყველა ახალი ამბავი
0