ონკოპაციენტები მედიკამენტებს კლინიკებში მიიღებენ - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი

© Courtesy of Georgian Ministry of Labour, Health and Social Affairsშეხვედრა ონკოპაციენტებთან
შეხვედრა ონკოპაციენტებთან - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2024
გამოწერა
მინისტრის თქმით, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს
თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების გაცემის ახალი წესი, რომლის მიხედვითაც მედიკამენტები ხელმისაწვდომი იქნება უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებებში, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა თანაბრად ხელმისაწვდომია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის და მთავრობის დაფინანსება ამ მიმართულებით მუდმივად იზრდება. 25 000-ლარიანი ლიმიტიდან, რომელსაც სახელმწიფო ონკოლოგიური დაავადების მქონე საქართველოს თითოეული მოქალაქის სამკურნალოდ გამოყოფს, მედიკამენტები ცალკე არის გამოყოფილი.
მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიურ პაციენტებთან შეხვედრისას განაცხადა, ბენეფიციარებს აღარ მოუწევთ სააფთიაქო ქსელებიდან კლინიკაში მედიკამენტების თავად მიტანა, პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს წამალი დაწესებულებაში დახვდება.
მინისტრის თქმით, ცვლილების მიზანია, ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს
შეხვედრაზე ონკოლოგიის მკურნალობასთან დაკავშირებულ სხვა მიმართულებებზეც იმსჯელეს – მხარეებმა სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
კიბოსთან ბრძოლის პროგრამა
2023 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე - ონკოქირურგიის სერვისები.
ჯანდაცვის სამინისტრომ მაღალი ხარისხის ონკოლოგიური მედიკამენტების შეძენა უშუალოდ მწარმოებლისგან დაიწყო. კომპანია „როშესთან“ და „ნოვარტისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად სახელმწიფომ ძვირადღირებული მედიკამენტები მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მუდმივად მზარდია - თუ ონკოლოგიის მიმართულების ბიუჯეტი 2012 წელს 17 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს პროგრამების ბიუჯეტი 250 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტების საჭიროებებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარდა რეფერალური კომისიის ფარგლებშიც განიხილავს, სადაც პაციენტისთვის სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების დაფინანსება ინდივიდუალურად ხდება.
გარდა ამისა, 2024 წლის მარტიდან ამოქმედდა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა, რაც გულისხმობს ადრეული კვლევების დაფინანსებას. პროგრამა მოიცავს მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებსა და სპეციალისტის კონსულტაციას, რაც გააუმჯობესებს ონკოლოგიური დაავადებების გამოვლენას ადრეულ ეტაპზე.
ყველა ახალი ამბავი
0