ევროპულმა საბჭომ საქართველოს ხელისუფლებას მოქმედების არსებული კურსის შეცვლისკენ მოუწოდა

© photo: Sputnik / Alexei Vitvitskyევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2024
გამოწერა
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ევროპულმა საბჭომ შეშფოთება გამოთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს მოქმედების არსებული კურსი, რომელიც აფერხებს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებული კანონის გამო, რომელიც ავალდებულებს უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და შეავსონ დეკლარაცია, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. დღეისთვის საქართველო ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყანაა.
„ევროპული საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებული ნაბიჯებისთვის უკანდახევას, ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნაში.
ევროკავშირის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების არსებული კურსი გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერებას იწვევს.
„ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიო გახადონ თავიანთი ზრახვები არსებული მოქმედების კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და იწვევს გაწევრიანების პროცესის დე-ფაქტო შეჩერებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის უმაღლესმა პოლიტიკურმა ორგანომ ხელისუფლებას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ მზარდი დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„იმ ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემა, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, აუცილებელია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც სურს გახდეს წევრი", - ნათქვამია დასკვნაში.
ევროპულმა საბჭომ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე უზრუნველყოს „თავისუფალი და სამართლიანი“ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი წაახალისებს პარტნიორების მიერ არჩევნების აქტიურ გრძელვადიან და მოკლევადიან მონიტორინგს. ევროპული საბჭო გეგმავს გააგრძელოს სიტუაციის მონიტორინგი.
„ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ აღნიშნავს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, – აღნიშნულია დასკვნაში.
ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე ასევე გაკეთდა დასკვნები უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, კონკურენტუნარიანობის, მიგრაციის, შავი ზღვის, მოლდოვას, ჰიბრიდული საფრთხეების, ასევე ანტისემიტიზმთან, რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.
გარდა ამისა, ხუთშაბათს, ევროკავშირის ლიდერებმა შეათანხმეს ევროკავშირის უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატებისა და დანიშვნების საკითხი და მიიღეს 2024-2029 წლების სტრატეგიული დღის წესრიგი - პოლიტიკური გეგმა, რომელიც ასახავს ევროკავშირის სამომავლო მიმართულებასა და მიზნებს.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0