თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2024
გამოწერა
ქარქაშაძის განცხადებით, ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიას აქვს.
თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადდა, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების ნაცვლად, ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი საერთაშორისო აეროპორტი ააშენოს.
„უახლოეს მომავალში გვექნება განვითარების დეტალური გენერალური გეგმა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას დავიწყოთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა“, - განაცხადა ქარქაშაძემ.
გაერთიანების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა.
ქარქაშაძის განცხადებით, ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიას აქვს. მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ADB და სახელმწიფო კომპანია თანაბრად ინაწილებენ ტენდერის ხარჯებს.
სატენდერო პროცესი ორ ეტაპად ჩატარდება.
პირველ ეტაპზე კომპანიებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად ეძლევათ ორკვირიანი ვადა. ტენდერის მეორე ეტაპი გულისხმობს პირველი ეტაპის შეფასების საფუძველზე შერჩეული კომპანიებისაგან დეტალური ტექნიკური შეთავაზების მიღებას. შეფასების შედეგადაც გამოვლენილი იქნება ტენდერში გამარჯვებული კომპანია. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის საორიენტაციო ვადაა 2024 წლის ივლისი.
როგორც ქარქაშაძემ განაცხადა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჩაატარა არაერთი წინასწარი, ტექნიკური თუ სხვა ტიპის კვლევა, რომელიც დაკავშირებული იყო თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთან.
„მივედით იმ ფაზაზე, როცა დეტალური, სრულფასოვანი გენერალური განვითარების გეგმა არის საჭირო. ჩვენ ADB-სთან თანამშრომლობით ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, გვქონდა წინასწარი შეხვედრები მათ შორის, ონლაინ კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა 35-მდე ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საავიაციო საკონსულტაციო კომპანია. დაინტერესება არის ძალიან დიდი. მოლოდინი გვაქვს, რომ საკმაოდ ბევრი განაცხადი შემოვა, რომელთაგან ავარჩევთ საუკეთესოს და ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიას", - განაცხადა ქარქაშაძემ.
აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამის (TA) 6707-GEO ფარგლებში, სატრანსპორტო სექტორის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ADB-მ მზაობა გამოთქვა ჩართულიყო თბილისის ახალი აეროპორტის განვითარების პროცესში, რის პირველ მნიშვნელოვან ეტაპსაც წარმოადგენს გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება.
რატომ არის საჭირო ახალი აეროპორტი
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
საქართველოს რეგიონული საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტის ქონა, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ამ დროისთვის თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება იზღუდება მთავრობის მოქმედი შეთანხმებით კომპანია TAV Georgia-სთან, რომელიც თბილისის და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
ხელშეკრულება ძალაშია 2027 წლამდე. ის ზღუდავს საერთაშორისო ფრენებს თბილისის აეროპორტთან 200 კილომეტრის რადიუსში.
ყველა ახალი ამბავი
0