ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaაჭარაში მეზღვაურთა დღე აღნიშნეს
აჭარაში მეზღვაურთა დღე აღნიშნეს - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2024
გამოწერა
დღეს საზღვაო სფეროს ის წარმომადგენლები დააჯილდოვეს, რომლებმაც საზღვაო დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. დღეს ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით 25 ივნისს ყოველწლიურად აღნიშნავს მეზღვაურთა პროფესიულ დღეს.
საზეიმო ღონისძიებები ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყო - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით. ნავმისადგომზე კი მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური საზეიმო ცერემონია გაიმართა.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საქართველოს საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიულოცა.
საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნისთვის ამ დარგის განვითარება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და ამ პროცესში უდიდესია ქართველი მეზღვაურების როლი და დამსახურება. ჩვენ, დღეს კიდევ ერთხელ ვაღიარებთ და ვაფასებთ იმ უნიკალურ საქმეს, რასაც თქვენ სხვა ქვეყნის კოლეგებთან ერთად საერთაშორისო მასშტაბით აკეთებთ. საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრია, ჩვენი საზღვაო სექტორი კი დიდი სატრანსპორტო, სატრანზიტო, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის მნიშვნელოვანი და უფრო მეტიც, საკვანძო ნაწილია. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენაა მიმართული, რომ მაქსიმალურად სწრაფად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვავითაროთ საზღვაო ინფრასტრუქტურა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილმა თავის გამოსვლაში ქართველ მეზღვაურებს მადლობა გადაუხადა ქვეყნისა და საქმისადმი ერთგულებისა და ღირსეული სამსახურისთვის.
მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც მთავრობის მეთაურმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთაშორისო ნაოსნობა მსოფლიო ეკონომიკისთვის შეუცვლელ როლს ასრულებს, უნიკალურია ნაოსნობისა და თითოეული მეზღვაურის როლი საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და მთლიანად ქვეყნის გაძლიერებისათვის.
„ქართველ მეზღვაურებს, ყველას ვინც აქ ბრძანდებით და მათაც, ვინც დღეს შორეულ ნაოსნობაშია, გილოცავთ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს. ეს მისია განსაკუთრებით ცხადია დღეს, როდესაც ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ჩვენი ქვეყნის საკვანძო მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად იკვეთება. ჩვენი ქვეყნის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობა მკაფიოდ უსვამს ხაზს თქვენი პროფესიონალიზმის, თქვენი ყოველდღიური შრომის განსაკუთრებულ მნიშვნელობას“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე არაერთი ნაბიჯი გადადგა მეზღვაურების დაფასებისათვის, საზღვაო სფეროს განვითარებისა და გაძლიერებისთვის, საზღვაო სექტორის უფრო უსაფრთხო სამუშაო ადგილად ქცევისათვის.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში18 ათასზე მეტი მეზღვაურია, ქართველ მეზღვაურებს 74 საზღვაო დროშის ქვეშ შეუძლიათ დასაქმება და ეს რიცხვი იზრდება.
25 ივნისი მეზღვაურის დღედ 2010 წელს მანილაში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის(IMO) დიპლომატიურმა კონფერენციამ გამოაცხადა. 2011 წლის 25 ივნისიდან მსოფლიოს საზღვაო სახელმწიფოებში იმართება რიგი ღონისძიებები მეზღვაურის პროფესიის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციისთვის.
მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ბათუმში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებით გაგრძელდა, მათ შორის: საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვებენ საზღვაო პროფესიის წარმომადგენლებს. ასევე, ტრადიციულად შედგება გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონია.
ყველა ახალი ამბავი
0