ბოჭორიშვილი: ევროკავშირი საქართველოს საკითხზე ამჯერად არ უნდა შეცდეს

© Courtesy of Maka Botchorishviliმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2024
გამოწერა
ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში და მის გარშემო მიმდინარე მოვლენები ლუქსემბურგში სწორად შეფასდება
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. ლუქსემბურგში გამართულ მინისტერიალზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ უნდა გაიმეორონ 2022 წლის ივნისის შეცდომა, როდესაც საქართველოს არ მიანიჭეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხის გადაჭრას, ევროკავშირი მიმდინარე კვირაში გეგმავს. 24 ივნისს საკითხი განიხილება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ. საპასუხო ზომების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმის ექვსი თვით შეჩერება, განაცხადა მაისის დასაწყისში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
„ყურადღებით ვაკვირდებით ლუქსემბურგში დებატებს. საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. იმედი მაქვს, სწორად შეფასდება საქართველოში, მის გარშემო მიმდინარე მოვლენები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ გაიმეორებენ იმ შეცდომას, რომელიც ერთხელ უკვე მოხდა - 2022 წლის ივნისში და არ დაჩაგრავენ საქართველოს საფუძვლების გარეშე", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
დეპუტატის თქმით, წინასწარი შეფასებების გაკეთება რთულია, მაგრამ მმართველი პარტია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთან მიმართებით საკითხები „ბევრად საღად იქნება განხილული, ვიდრე აქამდე, როცა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები გვესმოდა სხვადასხვა ინტერპრეტაციით".
რაც შეეხება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის განცხადებას, ბოჭორიშვილის თქმით, „კითხვის ნიშნების დასმა იქ, სადაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ხელს არ აძლევს საქართველოს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს“.
მისი თქმით, საქართველოს განაცხადი და საქართველოს კურსი ევროკავშირისკენ არ არის ერთდღიანი გადაწყვეტილება. საქართველოს მთავრობამ გამოხატა მტკიცე ნება ევროკავშირში გაწევრიანების და ეს ნება ეფუძნება ქართველი ხალხის ნებას.
„პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ მიიღო სწორი გადაწყვეტილებები, რაც ამ ქვეყნის სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას სჭირდება. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, სჭირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნების დასმა იქ, სადაც არანაირი საფუძველი არ არსებობს, ხელს არ აძლევს საქართველოს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
დღეს ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა ამჟამინდელ პოლიტიკურ გზას გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება. მისი თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა შეიძლება შემცირდეს ან გაუქმდეს.
ბორელის თქმით, „ზომების" ქვეშ მოიაზრება, მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები უკვე 25 ივნისს გაიხსნება.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0