ბორელი: საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება

© photo: Sputnik / Stringerჯოზეფ ბორელი
ჯოზეფ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.06.2024
გამოწერა
ევროპული პერსპექტივა შემცირდება და შეიძლება გაუქმდეს კიდეც, აღნიშნა ბორელმა.
თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმას, რასაც ახლა აკეთებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხის გადაჭრას ევროკავშირი მიმდინარე კვირაში გეგმავს. 24 ივნისს საკითხი იქნება განხილული ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ. საპასუხო ზომების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმის ექვსი თვით შეჩერება, განაცხადა მაისის დასაწყისში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
„ჩვენ ვაპირებთ ვიმსჯელოთ საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ერთი რამ ცხადია: საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუ მთავრობა იგივე გზას გააგრძელებს, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და ქართველი ხალხი გადაიხდის საფასურს, ხალხი იზარალებს", - განაცხადა ბორელმა.
ფაქტია, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება და შეიძლება გაუქმდეს კიდეც, აღნიშნა ბორელმა. „სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ევროკავშირის კარი არ იქნება ღია“, - დასძინა მან.
მისი თქმით, დღეს იგი საგარეო საქმეთა მინისტრებს წარუდგენს დოკუმენტს, რომელშიც განმარტავს სხვადასხვა საკითხს, თუ რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა „მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში, რათა საქართველოში არ გაგრძელდეს ის, რაც ხდება".
ამასთან, როგორც ბორელმა განმარტა, დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ, თუმცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, რადგანაც მარტოოდენ საორიენტაციო დებატები გაიმართება.
„როგორც ვთქვი, მაგიდაზე დავდებ სრულ ანალიზს, რისი გაკეთება შეგვიძლია და ამაზე მინისტრები იმსჯელებენ. ასე რომ, არ ელოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს ზომები, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული", - აღნიშნა მან.
ბორელის თქმით, „ზომების" ქვეშ მოიაზრება, მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება.
„ჩვენ არ გვინდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალება, ჩვენ არ გვინდა სამოქალაქო პირებისთვის ტკივილის მიყენება, მაგრამ არსებობს გადაწყვეტილებები და დღის ბოლოს შემეძლება გითხრათ, როგორი იყო მინისტრების რეაქცია ჩემს წინადადებებზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები უკვე 25 ივნისს გაიხსნება.
ვნებათაღელვა „გამჭვირვალობის შესახებ " კანონის ირგვლივ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა , ეუთო/ოდირმა, ნატომ და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0