სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილი წვლილი: კობახიძემ გერმანიას მადლობა გადაუხადა

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2024
გამოწერა
პრემიერმა ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა და ქართველების მთავარი ოცნება დაასახელა
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. დამოუკიდებლობის აღდგენიდან 33 წლის განმავლობაში საქართველომ სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების ძალიან რთული გზა გაიარა და ამაში მას გერმანია ძალიან დაეხმარა, განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ.
ამის შესახებ პრემიერმა ბერლინში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მიღებას ესწრებოდნენ მთავრობის, პარლამენტის წევრები, საქართველოს ელჩები ევროკავშირსა და აშშ-ში, ქართული დიასპორის, ასევე გერმანიის წარმომადგენლები.
„ჩვენ ამ 33 წლის მანძილზე საკმაოდ რთული ისტორია განვვლეთ, იყო მრავალი განსაცდელი, მათ შორის, იყო 4 ომი... ეს იყო სახელმწიფოებრიობის განვითარების, ჩამოყალიბების ძალიან რთული გზა და ამ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას“, - განაცხადა კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ გერმანელი ხალხის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იყო „განსაკუთრებულზე განსაკუთრებული“.
„ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან ჩვენ ვგრძნობდით ამ მხარდაჭერას, დახმარებას გერმანიის მხრიდან და მას შემდეგ, რაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, კიდევ უფრო მძაფრად განვიცადეთ ამ მხარდაჭერის სარგებელი საკუთარ თავზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა გერმანიას, რომ 90-იანი წლებიდან მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში.
ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის
კობახიძემ აღნიშნა, რომ მას და მისი თაობის წარმომადგენლებს კარგად ახსოვთ, როგორ იბრძოდნენ ქართველები დამოუკიდებლობისთვის 1980-იან წლებში.
„1988 წელს გაიმართა პირველი მასშტაბური დისიდენტური აქცია და მაშინ არავის სჯეროდა, რომ სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში შეიძლებოდა ჩვენი ოცნება ახდენილიყო და საქართველო კვლავაც გამხდარიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუმცა სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში ეს ოცნება ახდა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან სიმბოლური უწოდა იმ ფაქტს, რომ ღონისძიებას, რომელიც 1991 წელს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას ეძღვნება, ესწრება პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია.
ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება.
„ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს სუვერენიტეტი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ბოლო ოთხ წელიწადში ამისთვის ქვეყანამ არაერთი რთული ბრძოლა გადაიტანა.
„და ეს ბრძოლა იყო საბოლოო ჯამში ძალიან წარმატებული. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ვივლით მყარად, სწორი მიმართულებით, განვამტკიცებთ კვლავაც ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და შევინარჩუნებთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საქართველოს განვითარების აუცილებელი პირობა“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე საქართველოს მთავარი ოცნება დაასახელა.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი ოცნებები და მთავარი ოცნება არის რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და ამ თვალსაზრისითაც სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ გერმანიაში. გერმანია არის სწორედ იმის სიმბოლო, თუ როგორ შეიძლება, მოთმინებით გაამთლიანო საკუთარი ქვეყანა. მოთმინებით ელოდებოდა ათწლეულების განმავლობაში გერმანია გაერთიანებას, გამთლიანებას და საბოლოო ჯამში 1989 წელს გერმანელებს ეს ოცნება აუხდათ“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაჯანსაღდეს>>
მისი თქმით, საქართველო იგივე პოლიტიკას იზიარებს.
„ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკით საბოლოო ჯამში იქნება შესაძლებელი საქართველოს ოცნების ახდენა, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე საქართველოს ეროვნული ამოცანა დაასახელა.
„ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა... ამ ყველაფერში რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას, ჩვენი გერმანელი მეგობრების მხარდაჭერას“, - დასასრულს აღნიშნა კობახიძემ.
ერთი დღით ადრე კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში დღეს არის სირთულეები და მათი გაჯანსაღებისთვის ევროკავშირის მხრიდან პრაგმატული მიდგომაა საჭირო.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
პრემიერი: თურმე, რაც კარგია საფრანგეთში, ცუდია საქართველოში>>
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები უკვე 25 ივნისს გაიხსნება.
„გამჭვირვალობის“ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხის გადაჭრას ევროკავშირი მომდევნო კვირაში გეგმავს. 24 ივნისს საკითხი იქნება განხილული ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ.
არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის 2017 წელს დაწესებული უვიზო რეჟიმს ნახევარი წლით შეაჩერებს, ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0