პრემიერი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაჯანსაღდეს

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2024
გამოწერა
კანონის მიღების გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაყინულია, განაცხადა ადრე ევროკავშირის ელჩმა
თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში დღეს არის სირთულეები და მათი გაჯანსაღებისთვის ევროკავშირის მხრიდან საჭიროა პრაგმატული მიდგომა, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან რთულ პერიოდს გადის. ამასთან, მან დასძინა, რომ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი პრაქტიკულად გაყინულია.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არის გარკვეული სირთულეები, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ თანმიმდევრულად ვივლით წინ და 2030 წლისთვის საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, - განაცხადა პრემიერმა.
მან აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის“ კანონის არცერთ კრიტიკოსს აქამდე არ წარმოუდგენია თავისი არგუმენტები
„ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები. საბოლოო ჯამში, თქვენ ნახეთ, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კანონის წინააღმდეგ. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ საჯარო დისკუსია ჩვენს პარტნიორებს, თუმცა ყოველ ჯერზე მივიღეთ უარი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ კრიტიკას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, „საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის“.
მან კონტრპროდუქტიული ნაბიჯი უწოდა ევროკავშირის მხრიდან შესაძლო ზომების მიღებას „გამჭვირვალობის“ კანონის საპასუხოდ. ერთ-ერთ ზომად განიხილება ნახევარი წლით უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამის შესახებ მაისის დასაწყისში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.
„იყო ჭარბი განცხადებები გარკვეულ ზომებთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად, ასეთი ნაბიჯები იქნებოდა კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ყველას ყველაფერი ძალიან კარგად აქვს გააზრებული", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, საქართველოს პრიორიტეტები ყველასათვის კარგად ცნობილია.
„ჩვენი პრიორიტეტები ზოგადად არის ყველასთვის ცნობილი. ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანება, ამ მიმართულებით მუდმივი პროგრესის მიღწევა“, - განაცხადა კობახიძემ.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
პრემიერი: თურმე, რაც კარგია საფრანგეთში, ცუდია საქართველოში>>
კანდიდატის სტატუსის გარდა, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები უკვე 25 ივნისს გაიხსნება.
„გამჭვირვალობის“ კანონის გათვალისწინებით საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობების საკითხის გადაჭრას ევროკავშირი მომდევნო კვირაში გეგმავს. 24 ივნისს საკითხი იქნება განხილული ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ხოლო 27 ივნისს - უმაღლეს დონეზე - ევროპული საბჭოს მიერ.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები.
პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.
თბილისში სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება. მშვიდობიანი პროტესტი რამდენჯერმე გადაიზარდა არეულობაში - არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ცხრა პოლიციელებზე თავდასხმის, სათვალთვალო კამერების, პოლიციის მანქანისა და პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირის მიზანმიმართული დაზიანების ბრალდებით. დანარჩენებს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის, გზების გადაკეტვისა და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ 500-დან 5 ათას ლარამდე ოდენობით.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
ყველა ახალი ამბავი
0