დეპუტატი: აშშ-ის ელჩმა უფრო სერიოზულად უნდა აღიქვას ქართული საზოგადოება

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.06.2024
გამოწერა
დანიგანმა ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელებისთვის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის შერჩევის გამო ხელისუფლება გააკრიტიკა
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა უფრო სერიოზულად უნდა აღიქვას ქართველი ხალხი და როდესაც საქმე ეხება ჩინეთთან თანამშრომლობას არ იხელმძღვანელოს ორმაგი სტანდარტებით, განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
დანიგანმა საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის განხორციელებისთვის ჩინეთ-სინგაპურული კონსორციუმის არჩევის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, კონსორციუმში შემავალი კომპანია China Communications Construction Company-ის დიდი წილის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, რომელიც აფინანსებს რუსეთის არმიას.
„ამერიკის ელჩს მივმართავ, ცოტა სერიოზულად აღიქვას ქართული საზოგადოება. თუ ელჩისთვის ჩინეთი „კომუნისტური“ და მიუღებელია, მისი ქვეყნის მეთაური რატომ ჩადის ჩინეთში და ცდილობს ურთიერთობის დამყარებას? ეს არის ორმაგი მიდგომა, რაც არავის გამოუვა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერი ევროპაში ჩადის, მასთან მეგობრობენ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. გარდა ამისა, შვეიცარიას აქვს სავაჭრო შეთანხმება ჩინეთთან, რისკენაც ისწრაფვის აშშ.
„ჩვენ ერთიდაიმავე ჩინეთზე ვსაუბრობთ, თუ რამე გვეშლება? საქართველო მეორეხარისხოვანი სახელმწიფო არ არის", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა განაახლოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ პირობით, რომ სახელმწიფო იქნება პორტის წილის 51%-ის მფლობელი, დანარჩენს კერძო ინვესტორი მიიღებს.
აღნიშნულ ისტორიულ პროექტში სახელმწიფოს პარტნიორი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი იქნება, რომელშიც შედის ჩინური კომპანია China Communications Construction Company Limited (СССС) და სინგაპურული კომპანია China Harbour Investment Pte. Ltd.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება.
ტენდერის შედეგების მიხედვით, ბოლო დრომდე ანაკლიის პორტში კერძო ინვესტორის სტატუსის პრეტენდენტები იყვნენ: შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი.
პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სახელმწიფოს მიერ 2023 წელს დაარსებული „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური" კერძო პარტნიორთან ერთად შექმნის ერთობლივ კომპანიას, რომელშიც სახელმწიფო წილი 51% იქნება. ერთობლივ კომპანიას მოუწევს პორტის განვითარება.
პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტი წელიწადში 600 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. ეს არის 7,8 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის რესურსი.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი ფუნქციონირებს - ბათუმსა და ფოთში. ამასთან ტვირთების ძირითადი ნაკადი გადის ფოთის პორტით, რომელიც მდებარეობს ანაკლიიდან დაახლოებით 70 კილომეტრში.
ფოთის საზღვაო ტერმინალს ამჟამად წელიწადში 400 ათასი კონტეინერის მიღება შეუძლია, 2026 წელს კი, ფსკერის გაღმავების შემდეგ, მოცულობა 1 მილიონ TEU-მდე უნდა გაიზარდოს.
ყველა ახალი ამბავი
0