ევრო-2024: საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თურქეთთან გამართავს

© photo: Sputnik / STRINGERსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2024
გამოწერა
გერმანიის ერთ-ერთ უდიდესს სტადიონზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 10 ათასი ქართველი გულშემატკივარი უქომაგებს.
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. დღეს საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს, ქალაქ დორტმუნდში „სიგნალ იდუნა პარკზე“ საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება - მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა - ისტორიული მატჩი 26 მარტს შედგა.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევრო 2024-ის პირველი ჯგუფური მატჩის წინ დორტმუნდში პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მომზადებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტრავმის გამო ოთარ კიტეიშვილი თურქებთან შეხვედრას გამოტოვებს.
„ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ რთული იყო ემოციების კონტროლი. ამაზე ვისაუბრეთ, როდესაც შეკრება დავიწყეთ. ახლა ფეხბურთელები მზად არიან ტურნირისთვის, ფოკუსირებულები არიან საკუთარ თამაშზე და დისციპლინაზე. კვირკველია თურქეთთან შეხვედრისთვის მზადაა, კიტეიშვილი - არა. ამ დონეზე ეს ჩვენი პირველი მატჩია", - განაცხადა სანიოლმა.
მისი თქმით, დიდი ოცნების ასრულების შემდეგ, ქართველ ფეხბურთელებს სწორება ახალ მიზანზე აქვთ და ისინი ამისთვის მზად არიან.
„შეკრების დროსაც ვგრძნობდი, რომ ემოციურმა ფონმა გადაიარა და ჩვენი მოთამაშეები ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქოლოგიურად ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ მზად არიან. მეტოქის ძლიერ მხარეზე საუბარი შორს წაგვიყვანს. პირველი თამაშია და თურქეთს უფრო დიდი წნეხი ექნება. ქართველი ფეხბურთელი მზად არიან ბრძოლისთვის“, - განაცხადა სანიოლმა.
როგორც თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ვინჩენცო მონეტლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ნაკრები ძლიერი მოწინააღმდეგეა და სადებიუტო მატჩში ძალიან მოტივირებული იქნება.
„გერმანიაში ჩვენი მრავალრიცხოვანი ქომაგის წინაშე თამაში დიდი პატივია. საქართველო რთულად დასაძლევი მოწინააღმდეგეა. ამასთან, სადებიუტო მატჩში ძალიან მოტივირებული იქნება. იოლი მატჩი არ გველის, უნდა მშვიდად ვიყოთ და ორგანიზებულად ვითამაშოთ. აქ ოცნების ასახდენად ჩამოვედით. ამისთვის ყველაფერი უნდა გავიღოთ“, - განაცხადა მონეტლამ.
ევროპის ჩემპიონატი წელს გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ტარდება - საქართველოს გუნდი F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. თურქეთის შემდეგ, 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება, 26-ში კი პორტუგალიას შეხვდება.
ევრო 2024-ზე მონაწილეობენ პორტუგალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, თურქეთის, რუმინეთის, დანიის, ალბანეთის, ავსტრიის, ბელგიის, ინგლისის, უნგრეთის, ნიდერლანდების, შოტლანდიის, ხორვატიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, იტალიის, სერბეთის, შვეიცარიის, საქართველოს, უკრაინის და პოლონეთის გუნდები.
ევრო 2024-ზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრები უეფასგან პრიზის სახით 9,25 მლნ ევროს მიიღებს. ჯგუფში ყოველი გამარჯვება გუნდს 1 მილიონ ევროს მოუტანს, ფრე კი - ნახევარ მილიონს.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის საქართველოს ნაკრების პრემია 850 ათასი ლარის ნაცვლად 3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მანამდე, საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში ჯილდოს სახით 30 მლნ ლარს გადასცემს. გარდა ამისა, ნაკრები ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი მატჩის მოგებისთვის დამატებით 30 მლნ ლარით დაჯილდოვდება.
ყველა ახალი ამბავი
0