„ნაცმოძრაობის" ლიდერმა გახარიას განცხადებას ღალატი უწოდა

© Sputnik / Alex Shlamov თინა ბოკუჩავა
 თინა ბოკუჩავა - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2024
გამოწერა
ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს ოპოზიციის ერთობა სურს
თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. ოპოზიციურ ველზე დაქსაქსულობა და კონფრონტაცია საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ექს-პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადების პასუხად.
როგორც ადრე გახარიამ განაცხადა, ყველა იმ პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, პარტია „საქართველოსთვის" ყველაზე ახლოს „ლელოა“. გახარიას თქმით, საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობის გათვალისწინებით, მისი პარტია ნებისმიერი ფორმის თანამშრომლობისთვის მზადაა.
„საზოგადოებას სურს ოპოზიციური ერთობა. სწორედ ამიტომ ჩვენი ვალია ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას. ამიტომაც „ნაცმოძრაობა“ მომხრეა დიდი ერთობის, რადგან დაპირისპირება ოპოზიციურ ველზე არის საზოგადოებრივი დაკვეთის ღალატი", - განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, ოპოზიციამ მმართველ „ქართული ოცნების“ გუნდს არჩევნებით კიდევ ერთხელ მანიპულირების შესაძლებლობა არ უნდა მისცეს.
„ყველას აქვს თავის არჩევანი, თუმცა მთავარია, ვუპასუხოთ საზოგადოების დაკვეთას... ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ერთიანი", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
ამასთან, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ ანა ბუჩუკურის თქმით, ახალი პარტიის პოზიციასა და გახარიას განცხადებაში არაფერი ყოფილა.
„თქვენ ასევე იცით ჩვენი გუნდის პოზიცია, რომ „ლელოს" ყოველთვის წარმატებებს ვუსურვებთ. ჩვენი სურვილია ასევე, რომ მან შეძლოს ბარიერის გადალახვა „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წელს გაიმართება. დეპუტატებს პირველად ახალი სისტემით აირჩევენ: არჩევნები იქნება მთლიანად პროპორციული და საარჩევნო უბნებზე ელექტრონული კენჭისყრით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 5%. საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
ბუჩუკურის თქმით, გახარიას გუნდის სტრატეგიაა, რომ „ნაცმოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე ჯამში 50%-ზე მეტი არ აიღონ.
„ჩვენი გუნდის გაძლიერების გარდა მნიშვნელოვანია, რომ სხვა ისეთი პარტიებიც გაძლიერდნენ, რომლებიც „ნაცმოძრაობასთან“ ან „ქართულ ოცნებასთან“ არ იქნებიან აფილირებული", - აღნიშნა ბუჩუკურმა.
საპარლამენტო არჩევნები 2024
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც უბნების 90%-ზე ელექტრონული ტექნოლოგიით ჩატარდება. ამომრჩევლები ხმას მისცემენ ისევ საარჩევნო უბნებზე, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, შედეგები სპეციალური მთვლელი მანქანის მეშვეობით დაითვლება. მანამდე ელექტრონული კენჭისყრის სისტემა ფარავდა უბნების მცირე ნაწილს და საპილოტე რეჟიმში ხორციელდებოდა.
ეს ასევე იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად, რაც მთავრობის ერთპიროვნული დამტკიცების საშუალებას იძლევა, პარტიას მოუწევს ამომრჩეველთა სულ მცირე 50%-ის მხარდაჭერის მოპოვება, რომლებიც მივლენ საარჩევნო უბნებზე როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ ვის ექნება უფლება ჩამოაყალიბოს მთავრობა და მართოს ქვეყანა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებლები ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიის გამოგზავნა აპირებენ ევროკავშირი და აშშ. 2024 წლის ოქტომბერში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქართველოს მიმართ.
ყველა ახალი ამბავი
0