დეპუტატი: პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.06.2024
გამოწერა
პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს „საარჩევნო კოდექსში" მიღებულ ცვლილებებზე, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცვლილებები ითვალისწინებს ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის შექმნას იმ შემთხვევის მოსაწესრიგებლად, როდესაც ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა. იმავე სხდომაზე ჩატარდება მეორე კენჭისყრა და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად ხმების 1/2 იქნება საკმარისი.
„ვეტო დაიძლევა, იმიტომ რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ გააზრებული და სამართლიანი იყო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატმა კიდევ ერთხელ ახსენა ის ფაქტი, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის შედეგად აირჩიეს, დღეს ოპოზიციაში გადავიდა.
„პრეზიდენტი არის ახლა ოპოზიციის მდგომარეობაში გადასული და როგორც ოპოზიცია არ იღებს არანაირ კენჭისყრაში მონაწილეობას, ასევე არის პრეზიდენტი, უბრალოდ მას აქვს დამატებითი ბერკეტი, რომ არ მონაწილეობა გამოხატოს ვეტოთი და ამას აკეთებს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ცვლილებით უქმდება ცესკოში გადაწყვეტილებების მისაღებად პარტიებს შორის კონსენსუსის საჭიროება და მმართველ პარტიას უჩნდება შესაძლებლობა, პრაქტიკულად, ერთპარტიულად მიიღოს გადაწყვეტილებები.
პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო>>
საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხება ქვედა რგოლის საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგებს, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნას და ბიულეტენების გადათვლას.
კანონპროექტის ავტორებმა განმარტეს, რომ შემოღებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტურ ფუნქციონირებას და მის მუშაობაში დაბრკოლებების აღკვეთას.
პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი განიხილავს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართება. თუ პარლამენტის უმრავლესობა ზურაბიშვილის არგუმენტებს არაობიექტურად მიიჩნევს, იგი ვეტოს დაძლევას შეძლებს. თუ პრეზიდენტი ამჯერადაც უარს იტყვის კანონპროექტის ხელმოწერაზე, ამის გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0