პროკურატურა სამშენებლო კომპანიების მფლობელებს მოქალაქეების 10 მილიონის მითვისებას ედავება

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობა თბილისში
მშენებლობა თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2024
გამოწერა
ბრალდებულებმა ბინების შეძენის მსურველებს თანხები ჩაარიცხინეს, ხოლო დაპირებული უძრავი ქონებით აღარ უზრუნველყვეს.
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. 111 მოქალაქის კუთვნილი 10 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ ხუთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, სხვადასხვა წლებში შპს „დელუქს დეველოპმენტი“ და შპს „დემაქს გოთუა“ დააფუძნეს. ამ კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს.
ამის მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა. შედეგად ისინი 111 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას - 10.108.695 ლარს დაეუფლნენ.
ხუთი ბრალდებულიდან სამი პირია დაკავებული. მათ ბრალდება თაღლითობის მუხლით წარედგინათ, რომელიც ჩადენილია დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე მუხლით ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა კიდევ ორ პირს. უწყების ცნობით, მათი ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ყველა ახალი ამბავი
0