სუს-ის ხელმძღვანელიი: პრემიერის განცხადებაში არ იყო გამოძიების დაწყების საფუძველი

© Courtesy of Parliament of Georgiaგრიგოლ ლილუაშვილი
გრიგოლ ლილუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2024
გამოწერა
ლილუაშვილის თქმით, პრემიერმა განაცხადა, რომ მეგობრულად გააფრთხილეს, რათა უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიეღო.
თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომ მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრნენ, არ იყო გამოძების დასააწყებად საკმარისი საფუძველი, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან.
მაისის ბოლოს კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა. პრემიერის თქმით, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“. ივნისის დასაწყისში კი, როცა კანონი ძალაში შევიდა, კობახიძემ განაცხადა, რომ თუ რომელიმე ქვეყანა დაინტერესდება ამით, მზად არის გამოძიებას მტკიცებულებები წარუდგინოს.
„სამართლებრივ სივრცეში მიღებული პრაქტიკის შესაბამისად, ამ განცხადებაში არ არის საკმარისი ნიშნები იმისა, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი იყოს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
მისი თქმით, პრემიერმა განაცხადა, რომ მეგობრულად გააფრთხილეს, რათა უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიეღო.
„ეს პირდაპირ მუქარად ჩაითვალა? ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს რჩევის სახით მიცემულ რეკომენდაციაზე გამოძიების პრეცედენტი“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უწყება თავად წყვეტს არის თუ არა სისხლის სამართლებრივი ნიშნები ამა თუ იმ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში.
„ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაითვალა, რომ ეს საკმარისი არ არის სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად, ანუ გამოძიების დასაწყებად არ არის სათანადო მტკიცებულებები. იმ ქვეყანაში, სადაც მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტი მუშაობს, ეს არ იყო საკმარისი“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
ხმამაღალი განცხადებები და უარყოფა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 23 მაისს განაცხადა, რომ მას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო დაემუქრნენ.
„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - განაცხადა კობახიძემ.
მეორე დღეს გაირკვა, რომ სატელეფონო საუბარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შედგა. ამის შესახებ განცხადება თავად ევროკომისარმა გაავრცელა.
„მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული“, - ნათქვამია ვარჰეის განცხადებაში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ თბილისის ქუჩებში არაკონტროლირებადი პროცესები შეიძლება გამოიწვიოს.
„საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება… ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიიყვანოს საზოგადოება, თუნდაც ევროპაში“, - ნათქვამია ევროკომისრის განცხადებაში.
მოგვიანებით, 5 ივნისს, როცა რეზონანსული კანონი ძალაში უკვე შევიდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა.
„ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის, სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ. ჩვენ პირდაპირი ფორმით დაგვემუქრნენ ფიცოს ბედის გაზიარებით. თუ რომელიმე ქვეყნის მხრიდან იქნება ინტერესი, მზად ვარ, გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულებები“, – განაცხადა პრემიერმა.
მიუხედავად ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მასშტაბური პროტესტისა და დასავლეთის კრიტიკისა, რეზონანსული კანონპროექტი მაინც მიიღეს. 28 მაისს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო, ხოლო 3 ივნისს კანონპროექტს ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.
სკანდალური კანონი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0