„ნაცმოძრაობაში“ ხაბეიშვილის შეცვლა გადაწყვიტეს - „ოცნების“ დეპუტატების რეაქცია

© United National Movementლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2024
გამოწერა
ხაბეიშვილი მხოლოდ შემსრულებელი იყო, ფიქრობენ მმართველ პარტიაში
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კულისებიდან მმართველებმა გადაწყვიტეს ლევან ხაბეიშვილი უფრო შესაფერისი კანდიდატურით შეცვალონ, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.
ხაბეიშვილმა შაბათს განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მიზეზების გამო ტოვებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს და მის ადგილს თინა ბოკუჩავა დაიკავებს.
„ნებისმიერ ადამიანს, პოლიტიკოსს, ჩემს კოლეგას ჯანმრთელობას ვუსურვებ. ლევან ხაბეიშვილის ე.წ. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობა იმთავითვე კომიკური და გაუგებარი იყო არამხოლოდ ჩვენთვის, მგონი, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრებისთვისაც. მისი ყველა მოქმედება ღიმილის მომგვრელი იყო, როგორც ამას ჩვენც ვამბობდით და კულუარებში „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ საუბრობდნენ. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, გამოიყვანონ ადამიანი, რომელიც, როგორც მათ მიაჩნიათ, ლევან ხაბეიშვილს აჯობებს“, – განაცხადა ოდიშარიამ.
იმის შესახებ, რომ ხაბეიშვილი რიგითი შემსრულებელი იყო, მათ შორის ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენების კუთხით, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამაც განაცხადა.
„ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება კაცმა თავის გუნდელს გაუკეთოს, ის გააკეთებინეს. ჯერ ჩაუნიშნეს მელიას გასაიდუმლოებული საბჭო, მერე იმ საბჭოზე გადააყენებინეს. ყველაფერი ცუდი გააკეთებინეს და ახლა მოისროლეს“, - განაცხადა ზარქუამ.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ 2023 წლის 6 თებერვლიდან უძღვებოდა. წლის ბოლოსთვის პარტია დატოვა რამდენიმე წევრმა, ვინც არ ეთანხმებოდა პარტიის პოლიტიკას და ხაბეიშვილის ქმედებებს, მათ შორის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. მარტში მელიამ, ნიკა გვარამიასთან ერთად, შექმნა პარტია „ახალი“, რომელშიც მელიასთან ერთად „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული სხვა პოლიტიკოსებიც შევიდნენ.
ამჟამად მთელი პროდასავლური ოპოზიცია საარჩევნოდ გაერთიანებულ კოალიციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომელშიც, წინასწარი ინფორმაციით, შევლენ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე „ახალი“.
ყველა ახალი ამბავი
0