„ჩვენთვის ეს მხარდაჭერის ტოლფასია" - ლიდერები გაეროს რეზოლუციაზე ჩინეთის პოზიციაზე

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთის საკონსულო
ჩინეთის საკონსულო - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2024
გამოწერა
საქართველოს საკითხზე გაეროს რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, თავი შეიკავა 52-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა 9-მ.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციაზე ჩინეთის მხრიდან ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მხარდაჭერის ტოლფასია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ჩინეთმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს საკითხზე რეზოლუციის კენჭისყრაზე თავი შეიკავა, ოპოზიციის ზოგიერთმა წევრმა ამას საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფონზე არამეგობრული ნაბიჯი და არაპარტნიორული საქციელი უწოდა.
4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
რეზოლუციას 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, თავი შეიკავა 52-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა 9-მ. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა რუსეთმა, ბელარუსმა, ბურუნდიმ, კუბამ, მალიმ, ნიკარაგუამ, ჩრდილოეთ კორეამ, სირიამ და ზიმბაბვემ. ქვეყნები, რომლებმაც თავი შეიკავეს იყვნენ ჩინეთი, ისრაელი და ირანი.
„რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებში პოზიციებს, ორივე ქვეყანა, როგორც ჩინეთი, ისე საქართველო ცალკეულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საკუთარი დღის წესრიგიდან გამომდინარე აყალიბებს პოზიციებს. ჩინეთი ინარჩუნებს პოზიციას, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა, რომ თავს იკავებს ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ჩვენი მრავალწლიანი მეგობარი, პარტნიორი ქვეყანა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, სხვა ფორმატებში ჩინეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ჩინეთს პოზიციის შენარჩუნებისთვის.
„მადლობა ჩინეთს ადრინდელი პოზიციის შენარჩუნებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით.
თავის მხრივ, ჩინეთმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი 2024 წლის 28 მაისიდან გააუქმა. ჩინეთის ტეროტორიაზე ყოფნის პერიოდი საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. მთლიანობაში, ქვეყანაში ყოფნა შესაძლებელია არაუმეტეს 90 დღისა ექვსი თვის განმავლობაში (180 დღე).
2023 წელს საქართველოს 48.304 სტუმარი ეწვია ჩინეთიდან, რაც 55%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0