უფლება არ აქვთ ჩაერიონ ქვეყნის საქმეებში: დეპუტატი ესტონელი პარლამენტარების ინიციატივაზე

CC BY 2.0 / Heikki Siltala / The national flag of Estoniaესტონეთის დროშა
ესტონეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2024
გამოწერა
პარლამენტარები ხელისუფლებას სთხოვენ დაბლოკოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შემდგომი პროცესი იმ დრომდე, სანამ არ გაუქმდება „უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონი",
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. არავის აქვს უფლება ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ესტონეთის პარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ პროექტზე კომენტარისას.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ერიკ-ნილეს კროსმა 44 დეპუტატის სახელით პარლამენტს განსახილველად წარუდგინა განცხადების პროექტი „საქართველოში დემოკრატიის კრიზისი“. პარლამენტარები ხელისუფლებას სთხოვენ დაბლოკოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შემდგომი პროცესი იმ დრომდე, სანამ არ გაუქმდება „უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონი", გაყინოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, ასევე სანქციები შემოიღოს „ქართულ;ი ოცნების" დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ამასთან, ესტონეთის ცენტრისტულმა პარტიამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება დააინიცირა.
„არავის აქვს უფლება ჩვენი ქვეყნის საშინაო პროცესებში ჩაერიოს. ისიც ფაქტია, რომ მსგავსი ჩარევები ბუმერანგივით უბრუნდებათ უკან და შედეგებს ვერ აღწევენ. თუ დასკვნები ვერ გამოიტანეს, მით უარესი", - განაცხადა იონათამიშვილმა.
ფაქტია, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები სულ უფრო მეტად მტკიცდება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ძალიან ცდილობს ამას ხელი შეუშალოს, აღნიშნა დეპუტატმა.
იონათამიშვილის თქმით, თუ ესტონეთში დემოკრატიაზე დაიწყებენ საუბარს, მით უმეტეს, საქართველოსთან მიმართებით, ჯერ ექს-პრემიერი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ დაგმონ.
განცხადების პროექტის ინიციატორი პარტია „რეფორმების“ წევრია. პოლიტიკოსი 2007 წელს საერთაშორისო ურთიერთობებში მიხეილ სააკაშვილის მთავრობის კონსულტანტი იყო, სააკაშვილმა იგი 2013 წელს დააჯილდოვა კიდეც. უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილი მას მეგობარსა და საქართველოს ეკონომიკური რეფორმების არქიტექტორს უწოდებდა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0