ელჩი: ევროკავშირმა შეიძლება საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შეაჩეროს

© courtesy of European Union in Georgiaპაველ ჰერჩინსკი
პაველ ჰერჩინსკი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2024
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით (180-დან საერთო ჯამში 90 დღით) 2017 წლიდან სარგებლობენ.
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე ევროკავშირის საპასუხო ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის მხრიდან იქნება სათანადო რეაგირება, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ჯერ კიდევ 27 მაისს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ამოქმედებამდე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ივნისში იქნება მიღებული.
„ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, თუმცა, გარკვეული პირობების დაცვით. ახლა კი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, ეს პირობები გადაიხედება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ Movement-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, ერთ-ერთი შესაძლო გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 2017 წელს შემოღებული უვიზო რეჟიმის შეჩერება.
„ექვსი თვის ვადით შეჩერება მოითხოვს წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობის ხმების ნახევარზე მეტს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი განხილვადი ვარიანტი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, მისთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, პრობლემა ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეები დაზარალდებიან.
„ხალხს მოუწევს მაღალი ფასის გადახდა და ეს ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი აზრია. მაგრამ გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა უახლოეს კვირებში უნდა მიიღონ", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით (180-დან საერთო ჯამში 90 დღით) 2017 წლიდან სარგებლობენ.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0