პრემიერი: ლგბტ-პროპაგანდა კანონით უნდა დარეგულირდეს

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2024
გამოწერა
საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია და მომავალშიც დაცული იქნება, მიუხედავად ცხოვრების წესისა, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. პრინციპულად მნიშვნელოვანია ლგბტ-პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება, ამასთან, საქართველოში ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება დაცული, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ წარადგინა სხვადასხვა კანონში ცვლილებების პაკეტი, რომელიც შეეხება როგორც ერთსქესიანთა ქორწინებისა და სქესის შეცვლის აკრძალვას, ისე ლგბტ-პროპაგანდასა და გეი-პარადებს. საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს ცვლილებები პირველი მოსმენით საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს, შემოდგომაზე კი - მეორე და მესამე მოსმენით.
„როცა საქმე პროპაგანდას ეხება, პროპაგანდა მიუღებელია და შემოტანილი კანონპროექტი, რომელიც ინიცირებულია, უშუალოდ პროპაგანდას ეხება. პროპაგანდა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, ამიტომაც პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია და მომავალშიც დაცული იქნება, მიუხედავად ცხოვრების წესისა.
„საქართველოში ადამიანის უფლებები დაცულია და მომავალშიც მკაცრად იქნება დაცული. ეს ეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, ეს მიუღებელია“, - განაცხადა კობახიძემ.
კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონის 30-ე მუხლს ემატება მესამე პუნქტი: „ოჯახური ღირებულებები და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს საკონსტიტუციო კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“. თავად კანონს დაერქმევა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო განხილვა, რომელიც როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში გაიმართა, 2024 წლის 22 აპრილს დაიწყო და ერთი თვე გაგრძელდა.
საქართველოში იკრძალება დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. ასევე მიღებულია სპეციალური კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის როგორც პირდაპირ, ისე ირიბ ფორმებს, შევიწროებას ან ნებისმიერი ნიშნით უფლებების დარღვევას.
ყველა ახალი ამბავი
0